ვიქტორ ყიფიანი განმარტავს, რომ ივანიშვილის მხრიდან Credit Suisse-თან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა, თუმცა არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც Credit Suisse-თან არავითარ კავშირშია.
„კერძოდ, ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში.
წარმოქმნილი შეფერხებები, რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ-იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში, საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა“, – აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ „კრედიტ სუისთან“ ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით გადაიჭრას.
„ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია. აგრეთვე, წარმატების ყველა პირობა არსებობს ამა წლის სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც.
თუმცა, ბერმუდასა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა.
მეტიც, დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა, ხოლო ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლებისგან საბანკო ჯგუფის ტრასტზე გასული ბოლოდროინდელი კორესპონდენცია რამდენიმე კვირა პასუხგაუცემელი იყო. მეტიც, ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი. სწორედ რომ ტრასტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისის“ ტრასტის მიმართ უკვე მორიგი, ამჯერად გერნსის იურისდიქციაში, სარჩელის შეტანა.
აქვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავშირის არქონა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ ხსენებულ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის: თუკი პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ბატონმა ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება.
ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, ტრასტთან უთანხმოების გადაჭრა სამართლებრივ რეჟიმში იწარმოებს, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ყველა საშუალების გამოყენებით. სწორედ სამართლისა და კანონმდებლობის მოქმედება იყო ბატონი ივანიშვილის დამოკიდებულება დღემდე, ასეთად დარჩება ეს დამოკიდებულება მომავალშიც. ცხადია, რომ ეს სიმტკიცე და შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის“, – აცხადებს ადვოკატი.
ვიქტორ ყიფიანის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუკი ესა თუ ის საკითხი დამატებით, სამართლის ნორმების მიღმა შეფასებას და კომენტარს მოითხოვს, ამას ივანიშვილი თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით.
ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის. მისი წარმომადგენლების ინფორმაციით, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში, ბანკმა 4 მარტს მოთხოვნილი თანხა მხოლოდ 4 აპრილს გასცა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. შეფერხების დასასაბუთებლად „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო“ დასახელდა.
ამ თემაზე:
თუ ეს პოლიტიკური შანტაჟია, მათ არ კარგად ცნობიათ ბიძინა ივანიშვილი – კობახიძე