weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ადამიანი ვერ ვნახე ჩემს რაიონში, ვინც თურქული წამლების ყიდვა შეძლო – კახიშვილი

19:34 ოთხშაბათი, 11 მაისი 2022

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ კახა კახიშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეები თურქეთიდან შემოტანილ დაბალფასიან მედიკამენტებს აფთიაქებში ვერ ყიდულობენ.

კახიშვილი პარლამენტის სხდომაზე, სადაც დღეს ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა, გამოვიდა ინიციატივით, რომ აფთიაქების შესამოწმებლად სპეციალური ჯგუფი შეიქმნას.

„მივესალმები თურქული წამლების შემოტანას, რადგან ნამდვილად ძალიან მაღალი ფასები იყო და მოსახლეობას უჭირდა ამ წამლების ყიდვა, მაგრამ მეორე პრობლემა შეიქმნა. არამხოლოდ ერთი წყაროდან ჩემთან ასეთი ინფორმაციები მოდის: როდესაც ადამიანი შედის აფთიაქში და თხოვს, თურქული წამალი მომეცით, ეუბნებიან, რომ „უი, ახლა გათავდა, არ გვაქვს, მაგრამ აიღე ძვირიანი წამალი“. ხომ არ სჯობს, რომ შექმნათ რაღაც მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ამ ფაქტებს შეისწავლის, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის მონაყოლი.

ფაქტობრივად, ვერცერთი ადამიანი ვერ ვნახე ჩემს რაიონში, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა ამ თურქული წამლების ყიდვის.

ყველა აფთიაქში ეუბნებიან: ახლა გათავდა, მორჩა, ხვალ მოდით, მაგრამ ძვირიანი წამალი თუ გინდათ, იყიდეთ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, ყველა სააფთიაქო ქსელში თურქული მედიკამენტები მაქსიმალურად არის განაწილებული, მარტ-აპრილში კი ისინი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიძინა.

„იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც ცვლილებას ხელი მოეწერა და აღიარებით სიაში დავამატეთ თურქეთის ბაზარი, ჩვენ სამინისტროში ცხელი ხაზიც კი შევქმენით და ვეწეოდით შესაბამის პრომოციას, რომ ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც ნებისმიერ აფთიაქში უარს ეტყოდნენ თურქული მედიკამენტის შეთავაზებაზე, ან ეჭვი არსებობდა, რომ მედიკამენტი გადანახული იყო ან რაოდენობა იყო შეზღუდული, ცხელ ხაზზე შემოდიოდა ზარები და ამაზე დაუყოვნებლივ ვახდენდით რეაგიორებას - დისტანციურად ან ჩვენი რეგულირების სააგენტო ადგილზე მიდიოდა აფთიაქებში. დაახლოებით 3 კვირა გაგრძელდა დეფიციტი. დღეისთვის ისევ აქტიურად ვაკვირდებით როგორც ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს, ასევე ქვეყანში თურქული მედიკამენტების იმპორტს და დღეისთვის, შემიძლია გთხრათ, რომ ეს პრეტენზიები მინიმუმამდეა დაყვანილი და ყველა ქსელში მაქსიმალურად არის განაწილებული მედიკამენტები.

ძველი ფასებით 50 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტების რეალიზაცია მოხდა, რაც დღეს უკვე 15 მილიონ ლარად შეიძინა 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ამ ორი თვის განმავლობაში, მარტსა და აპრილში“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში თურქეთიდან შემოტანილი 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია ხელმისაწვდომი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]