„ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას. ამაზე მე ვთქვი რაც მქონდა სათქმელი. მიმაჩნია, რომ დღეს, ყველა შემთხვევაში, აუცილებელია ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს რაც საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს, რაც ეკადრება ქვეყანას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.
მას ჰკითხეს, რამდენად ადეკვატურია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ მოთხოვნა, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა:
„მე ამას ვერ შევაფასებ და როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, თავისთავად და სანამ ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს.
თუ ვინმე ამას დაადასტურებს, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ზოგიერთი ექიმი, ოჯახის წევრები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სააკაშვილის მსგავსი პაციენტის სამკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, რის გამოც მას სასჯელი უნდა გადაუვადონ და სამკურნალოდ უცხოეთის კლინიკაში გადაიყვანონ.