სარჯველაძის თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების მიერ დანაშაულის ჩადენა მოულოდნელობა არ არის.
„შეიძლება არსებობდეს კითხვა, ხომ არ არის ეს პოლიტიკური დევნა. პოლიტიკურად სენსიტიური არის იმიტომ, რომ ფაქტია, ნიკა გვარამიას მოღვაწეობა უკვე დიდი ხანია თავისი შინაარსით არის არა ჟურნალისტური, არამედ პოლიტიკური აქტიურობა. შესაბამისად, ეს პოლიტიკურ სენსიტიურობას განაპირობებს, მაგრამ სენსიტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინმეს შეუძლია ხელაღებით ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ.
სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, სამწუხაროდ, რომ ხშირად ჩადიოდნენ დანაშაულებს და მე არ მგონია, რომ ეს მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს, რომ პირები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებულნი დანაშაულებს ჩადიოდნენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გაიხსნენა.
„მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც განცხადებები ხმამაღალი იყო, ეს შედეგში არ გამოხატულა. მართლმსაჯულებამ, რომელიც დადგა ნაციონალური კანონმდებლობის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ შეასრულა თავისი ფუნქცია და იმ სტანდარტით იყო ყველაფერი უზრუნველყოფილი, რაც დააკმაყოფილებდა სტრასბურგის სასამართლოს. მე ვფიქრობ და ვვარაუდობ, რომ დაახლოებით იგივე ვითარებასთან გვაქვს საქმე მოცემულ შემთხვევაშიც.
არ მგონია, რომ სამართლის აღსრულება რამენაირად შეიძლება არათავსებადი აღმოჩნდეს დემოკრატიულ პრინციპებთან“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
დღეს, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით. პროკურატურა გვარამიას ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა. კერძოდ, ამტკიცებდა, რომ მას მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო „რუსთავი 2“-სთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. ნიკა გვარამია თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
ამ თემაზე:
TI გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე: სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა