weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა 1 130 000 აშშ დოლარის ქონება შეიძინა

10:44 ხუთშაბათი, 19 იანვარი 2017

საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ 2015-2016 წლებში შეიძინეს თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი, ასევე ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა, დაბა ბაკურიანში მდებარე 2 ბინა და ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი. მანვე 2016 წლის 29 ივნისს იყიდა უძრავი ქონების კომპანია შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100 % წილიც. შეძენილი ქონების საერთო ღირებულება დაახლოებით 1 130 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ოთარ ფარცხალაძე 2013 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, სადაც 2014 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა. მანამდე იგი ფინანსთა სამინისტროში საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

2013 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძის ოჯახის საკუთრებაში მხოლოდ ერთი უძრავი ნივთი ირიცხებოდა - მისი მეუღლის ქეთევან ცქვიტინიძის სახელზე რეგისტრირებული ბინა, რომელიც ქალაქ თბილისში, მგალობილიშვილის ქუჩა №13-ში მდებარეობს.

იმავე წელს ქვეყნის მთავარმა პროკურორმა 140 000 აშშ დოლარად შეიძინა თბილისში, ჯანაშიას ქუჩა №28-ში მდებარე ბინა.

მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ოთარ ფარცხალაძემ საქმიანობა ბიზნესის სფეროში გააგრძელა. 2015 წლის 21 სექტემბრიდან 2016 წლის 29 ივნისამდე იგი იყო შპს „როიალ დეველოფმენთის“ (ს/კ - 405067699) პარტნიორი და 40 % წილის მესაკუთრე, ხოლო 2016 წლის 12 თებერვლიდან 11 აგვისტომდე - იმავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორიც.

აღსანიშნავია, რომ შპს „როიალ დეველოფმენთი“, სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად, წარმოადგენდა სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის 85 მილიონ აშშ დოლარად ღირებული პროექტის თანაინვესტორს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროექტით და ზოგადად „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის კვლევით არასამთავრობო ორგანოზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაინტერესდა, ოთარ ფარცხალაძემ აღნიშნულ შპს-ში კუთვნილი წილი გაასხვისა და დირექტორის პოზიციიდანაც გათავისუფლდა.

2016 წლის 3 მაისიდან ოთარ ფარცხალაძე გახდა „როიალ დეველოფმენთის“ შვილობილი კომპანიის - შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი“- (ს/კ - 204513687) დირექტორი, ხოლო იმავე წლის 29 ივნისს 235 000 აშშ დოლარად შეისყიდა ამ კომპანიის 100 % წილი და მისი ერთპიროვნული მესაკუთრე გახდა.

გარდა ამისა, იგი 2012 წლიდან დღემდე არის შპს „ბოდი გარდი“-ს (ს/კ - 205026531) მეწილეც, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში მითითებული არ არის.

ბიზნესის სფეროში საქმიანობდა ოთარ ფარცხალაძის მეუღლე ქეთევან ცქვიტინიძეც - იგი 2016 წლის 25 აგვისტომდე იყო შპს „მიტერა“-ს (ს/კ - 206187847) კაპიტალის 75 %-ის მფლობელი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ 2015 წლის ნოემბერში და 2016 წლის აპრილ-მაისში ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ნასყიდობის ფორმით შეიძინა 645 000 ლარის და 57 000 აშშ დოლარის ღირებულების შემდეგი უძრავი ქონება:

- ქალაქ თბილისში, ფალიაშვილის ქ. №10/ბარნოვის ქ. №83-ში მდებარე 143,25 მ2 კომერციული ფართი, - ღირებულება 200 000 ლარი;

- ქალაქ თბილისში, ფალიაშვილის ქ. №10/ბარნოვის ქ. №83-ში მდებარე 336,24 მ2 კომერციული ფართი, - ღირებულება 445 000 ლარი;

- სოფელ წავკისში (ტაბახმელა) მდებარე 1205 მ2 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, - ღირებულება 15 000 აშშ დოლარი;

- სოფელ წავკისში (ტაბახმელა) მდებარე 1027 მ2 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, - ღირებულება 15 000 აშშ დოლარი;

- სოფელ წავკისში (ტაბახმელა) მდებარე 856 მ2 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, - ღირებულება 12 000 აშშ დოლარი;

- სოფელ წავკისში (ტაბახმელა) მდებარე 1001 მ2 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, - ღირებულება 15 000 აშშ დოლარი.

იმავე პერიოდში ყოფილი მთავარი პროკურორის მეუღლის ქეთევან ცქვიტინიძის სახელით შეძენილ იქნა 7 უძრავი ნივთი, რომელთა ღირებულება ჯამში თითქმის 550 000 აშშ დოლარია. 2016 წლის 25 ნოემბერს დადებული შეთანხმებების საფუძველზე კი ეს ქონება ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაში გადავიდა.

კერძოდ:

- ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №60-ში, I სართულზე არსებული 91 მ2 ფართობი, - ღირებული 100 000 აშშ დოლარად;

- ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №60-ში, II სართულზე არსებული 38 მ2 ფართობი, - ღირებული 73 000 აშშ დოლარად;

- ქალაქ თბილისში, ყიფშიძის ქ. №9-ში, მე-5 სართულზე არსებული 130,6 მ2 საცხოვრებელი ბინა (მშენებარე), - ღირებული 78 365 აშშ დოლარად;

- ქალაქ თბილისში, ყიფშიძის ქ. №9-ში, I სართულზე არსებული 204,1 მ2 კომერციული ფართი (მშენებარე), - ღირებული 169 200 აშშ დოლარად;

- ქალაქ თბილისში, ყიფშიძის ქ. №9-ში, I სართულზე არსებული 101,3 მ2 კომერციული ფართი (მშენებარე), - ღირებული 81 000 აშშ დოლარად;

- დაბა ბაკურიანში, სასტუმროს კომპლექს „დიდველში“ მდებარე 26,04 მ2 ფართობის ბინა №503, - ღირებული 24 000 აშშ დოლარად;

- დაბა ბაკურიანში, სასტუმროს კომპლექს „დიდველში“ მდებარე 25,3 მ2 ფართობის ბინა №501, - ღირებული 24 000 აშშ დოლარად.

გარდა ამისა, 2016 წლის 24 აგვისტოს ოთარ ფარცხალაძის მეუღლემ ქალაქ ბათუმში 44 000 ლარის საფასურად შეიძინა ხიმშიაშვილის ქ. №15გ-ში, მე-20 სართულზე მდებარე ბინა, რომლის ფართობი 44,12 მ2-ს შეადგენს, ასევე ქ. თბილისში, ყაზბეგის გამზირსა და ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ორი ავტოსადგომი, რომელთა საერთო ფართობია 31,2 მ2, ხოლო ღირებულება - 13 500 აშშ დოლარი.

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]