აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ საქმემ თავიდანვე წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით.
შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ.
განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია.
აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად“, – ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაში.
დღეს, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით. პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა. კერძოდ, ამტკიცებდა, რომ მას მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო „რუსთავი 2“-სთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. საქმეზე ასევე ბრალდებულები იყვნენ შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი და „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. მოსამართლემ იაშვილი გაამართლა, ხოლო დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ და 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.