weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ქვემო ქართლის ტელევიზია, რომელიც სახელმწიფო ტენდერებს იგებს, ეთერში „ალტ-ინფოს“ უშვებს

13:28 ხუთშაბათი, 19 მაისი 2022

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია – TV4 საკუთარ ეთერში პრორუსული ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ გადაცემებს უშვებს. დღეში სამჯერ „ალტ-ინფოს“ მიერ მომზადებული საინფორმაციო გამოშვება „დღის სიახლეები“ გადის. გარდა ამისა, ეთერი ეთმობა „ალტერნატიულ ხედვას“ და კიდევ რამდენიმე გადაცემას. მათი ტრანსლირება 17 მაისიდან დაიწყო.

TV4-სა და „ალტ-ინფოს“ შორის ხელშეკრულება ერთი თვის ვადით არის გაფორმებული, თუმცა როგორც ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი ამბობს, მისი გაგრძელება განიხილება.

გიორგი მგალობლიშვილის თქმით, „ალტ-ინფოსთვის“ საეთერო დროის მიყიდვის გადაწყვეტილება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღეს. მისი ინფორმაციით, 2022 წელს, ტელეკომპანიის შემოსავალი რუსთავის მუნიციპალიტეტისგან სატელევიზიო მომსახურების სანაცვლოდ მიღებული 60 000 და გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან მიღებული 50 000 ლარია.

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 2020 და 2021 წლებშიც გაიმარჯვა და 160 000 – 160 000 ლარი მიიღო. გარდა ამისა, გასულ წელს, ტელეკომპანიას გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან 50 000 ლარი ჰქონდა მიღებული.

გიორგი მგალობლიშვილი ამბობს, რომ არ აქვს უფლება გაასაჯაროოს, რა თანხას იხდის „ალტ-ინფო“ საეთერო დროში.

„ფინანსური პრობლემები გვაქვს, ისევე როგორც ყველა რეგიონალურ ტელევიზიას. სამწუხაროდ, რეკლამა ძალიან ცოტაა და მას შემდეგ, რაც კაზინოების და სლოტ კლუბების რეკლამების გაშვება აიკრძალა, ფაქტობრივად განახევრდა. ამ ეტაპზე, ტელევიზიას შემოსავალი ორი ტენდერიდან აქვს - რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან, რომელიც ფაქტობრივად უმნიშვნელოა წლის განმავლობაში. ახლა იმდენად კრიტიკულ სიტუაციაში ვართ, რომ ტელევიზიას ყველა გადაცემა გაჩერებული აქვს. კვირაში დაახლოებით 9 გადაცემას ვაკეთებდით - გასართობსაც, თოქ-შოუსაც. ახლა მხოლოდ საინფორმაციო გვაქვს“, – ამბობს „რეგინფოსთან“ გიორგი მგალობლიშვილი, რომელიც ტელეკომპანიას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.

TV4-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო გამოშვება წლის დასაწყისიდან დღეში მხოლოდ ერთხელ 20:30 საათზე, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გადის. ეს იმ ფონზე, როდესაც ეთერი „ალტ-ინფოს“ 12:00, 15:00 და 18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებს ეთმობა, 22:30 საათიდან კი „ალტერნატიული ხედვა“ გადის.

გიორგი მგალობლიშვილის თქმით, „ალტ-ინფოს“ მიერ მომზადებულ გადაცემების შინაარს არ ამოწმებენ.

„ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს, მაგრამ ხელშეკრულებაში გვიწერია კონკრეტული გადაცემები, რომელთა გაშვების ვალდებულებაც გვაქვს. ჩვენს საინფორმაციო პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, დღის განმავლობაში ბუნების და მოდის კადრების ნაცვლად გადის „ალტ-ინფოს“ გადაცემები, სამწუხაროდ. სამწუხაროდ იმიტომ, რომ არ ვიზიარებთ მათ აზრს.

ჩვენი მხრიდან მხოლოდ ფინანსური ინტერესია. კონტენტზე პასუხისმგებელი არ ვართ, მას არ ვამოწმებთ. საეთერო დრო აქვთ ნაყიდი და რა გადაცემასაც გვაწვდიან, ის გადის ეთერში. ტელევიზიას რომ უწევს სხვა ტელევიზიის ეთრეში გაშვება, უკვე ძალიან ცუდია – ამ კონკრეტულის მით უმეტეს, იმიტომ, რომ მათ პოზიციას არ ვიზიარებთ.

თუ ქვეყნისთვის ცუდ საქმეს აკეთებს ეს ტელევიზია – „ალტ-ინფო“, მარეგულირებელმა, უშიშროებამ და კონკრეტულმა უწყებებმა რაღაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან. ვინმემ რომ რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადადგას და თქვას, რომ არ შეიძლება ამის გაშვება და გათიშონ, ჩვენც შესაბამისად გავთიშავთ“, – ამბობს TV4-ის დირექტორი.

კომუნიკაციების კომისიამ პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ტელევიზიას, რომელსაც დამფუძნებლები თავს ალტერნატიულ ინფორმაციის წყაროს უწოდებენ, ეროვნული მაუწყებლობის უფლება 2021 წლის სექტემბერში მიანიჭა. „ალტ-ინფო“ ანტიდასავლური, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების გაღვივებით არის დაკავებული. მისი წამყვანები სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით გამოირჩევიან, სტუმრები კი მხარდამჭერებს ხშირად მოუწოდებენ ძალადობისკენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „ალტ-ინფო“ აქტიურად ავრცელებს რუსეულ პროპაგანდისტულ ნარატივებს და რუსეთს ღიად უჭერს მხარს. კომუნიკაციების კომისიამ 24 მარტის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „ალტ-ინფოს“ გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა. „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიაც აქვს დაფუძნებული და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

რაც შეეხება ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას, ის 1998 წელს დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მგალობლიშვილის მამა, როლანდ მგალობლიშვილია, რომელიც 2002-2004 წლებში პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. როლანდ მგალობლიშვილი, ტელეკომპანია მარნეულის 100% წილის მესაკუთრეც არის. წლების განმავლობაში ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია შემოსავლის გარკვეულ ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. 2016-2019 წლებში,  მოგებული აქვს სატელევიზიო და რადიო მომსახურებაზე რუსთავის და გარდაბნის მერიების მიერ გამოცხადებული ტენდერები. გაფორმბული ხელშეკრულებების ღირებულება 709 905 ლარი იყო. გარდა ამისა, ამავე პერიოდში, კომპანიამ 372 990 ლარის 30 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]