„ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს კაცი იქ, მთაზე რომ ცხოვრობს, თავისი ექსპერტების და ხელის ბიჭების პირით ამერიკას აბრალებს, რომ ხელს უშლის შვეიცარიულ ბანკში რაღაც გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვაში, ნახატების გამოტანაში და ჩემი პოზიცია იყო – „რატომ არ გააკეთებთ მართლა? მართლა რატომ არ შეუშლით ხელს?“. სანქციებს ვგულისხმობ და ეს პირდაპირი ტექსტით ვუთხარი“, – განაცხადა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.
„საუბარი იყო იმაზე, რომ ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხო და დემოკრატიულ მომავალს და ამაზე საჭიროა იყოს მკაფიო პოზიციონირება“, – აღნიშნა „ლელოს“ წევრმა, პარლამენტარმა ანა ნაცვლიშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორს სთოხვეს, ქართველი ხალხი არ არ დატოვოს მარტო, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს „აბსოლუტურად სხვა პოლიტიკას“ აწარმოებს.
„ჩვენი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ დღეს არის ძალიან დიდი უფსკრული საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს შორის.
საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესში პარალელურად მთავრობა და ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად, პრაქტიკულად, დემოკრატიას უთხრის ძირს. ეს ნაბიჯები აბსოლუტურად შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან“, – თქვა მეზვრიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასაც.
„აქაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლების როლი. აქაც, როგორც არასდროს ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ. იგი გადაყვანილი იქნება შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში, შესაბამის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნა მელიამ.
დღეს დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პროცესში აშშ-თან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.