weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ძნელად დავიჯერებ“ – სარჯველაძე აშშ-ის პროგრამიდან მოსამართლე ჩხიკვაძის „მოხსნაზე“

14:56 შაბათი, 21 მაისი 2022

„ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციურად განწყობილი მედიები ამერიკის შეერთებულ შტატებს „აბრალებენ“, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს აშშ-ში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.

ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში სარჯველაძე ამბობს, რომ არ ჰგონია აშშ-სთვის „ასეთი ნაბიჯების გადადგმის დაბრალება რელევანტურ და ლოგიკური იყოს“. მისი თქმით, შეერთებული შტატებისთვის „უმნიშვნელოვანესია არადისკრიმინაციული და სამართლებრივად გამართული ნაბიჯების გადადგმა“.

„გულწრფელად ვამბობ, რომ ჩემთვის, მაგალითად, წარმოუდგენელი იქნება, რომ შეერთებულმა შტატებმა მიიღოს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოსამართლესთან მიმართებაში რაღაც... სანქცირების შესახებ, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ, რომ მას შეიძლება არ მოსწონდეს გადაწყვეტილება. გამორიცხულია უბრალოდ. სიმართლე გითხრათ, მე პირადად ამას ძნელად დავიჯერებ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

20 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. „მთავარ არხთან“ მოსამართლემ განაცხადა, რომ ტრენინგზე აღარ მიდის, თუმცა არ უთქვამს რა მიზეზით. ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ უმჯობესია კომენტარი აშშ-ის საელჩომ გააკეთოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3.5 წლით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

საქართველოს სახალხო დამცველისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, განაჩენი კანონთან შეუსაბამო და პოლიტიკურად მოტივირებულია. განაჩენს საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.

18 მაისს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოში ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი გაბუნიას თქმით აშშ-ის ელჩს და მისი სახით აშშ-ს სთხოვეს, რომ გვარამიას გასათავისუფლებლად მათ ხელთ არსებული ყველნაირი ბერკეტი გამოიყენონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]