weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოპოზიციამ და მისმა ლობისტებმა ჩამოწერონ, რა არ გავაკეთეთ უკრაინისთვის – კობახიძე

13:02 ორშაბათი, 23 მაისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოპოზიციას და „დაქირავებულ ლობისტებს“ შესთავაზა, ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად და რას არ აკეთებს. ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი ლობისტების აბსტრაქტული კრიტიკა ესმის.

„ისინი გამუდმებით აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ იკავებს სწორ პოზიციას. ერთადერთი კონკრეტული ქმედება, რომელიც ოპოზიციას ხელზე ჰქონდა დახვეული და რომელსაც თითქმის ერთი თვე ატრიალებდნენ, იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები არ მუშაობს და ომს ვერ აჩერებს. თუმცა, ყველას კარგად გახსოვთ, რომ ანალოგიური შინაარსის განცხადებები მოგვიანებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია და კიდევ ერთხელ განვმარტავთ: ბუნებრივია, ისეთი სანქციების დაწესებას, რომლებიც რუსეთს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს უმძიმეს ტვირთად დააწვებოდა, არავითარი გამართლება არ ექნებოდა. საკუთარ ქვეყანას და ხალხს ჩვენ სანქციებს ვერ დავუწესებდით“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაშიც საქართველოს ხელისუფლებამ სოლიდარობა არ გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ, არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხიც იგივე მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი.

„თუ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს ის აღიზიანებს, რომ საქართველოში დღეს მშვიდობაა და ქვეყანას წლის პირველ კვარტალში 14.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ამაზეც ღიად უნდა ვისაუბროთ.

ჩვენ გვგონია, რომ ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკრაინასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება. თუ რაღაცის თქმა გსურთ და ვერ ბედავთ, ყველანაირად დაგეხმარებით, რომ სათქმელი ღიად გამოხატოთ.

ამიტომ, მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. საჯაროდ დასმულ კითხვებზე ჩვენც საჯაროდ გაგცემთ პასუხს.

იგივეს ველით თქვენს მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, მათ ფულს უხდით თუ რაიმე სხვა ფორმით ემუშავებით.

ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და „ნაციონალების“ რიტორიკა ერთმანეთს.

შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება უკეთ გაიგებდა, რა არის მათი რეალური სურვილი და განზრახვა“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საქართველო უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს ეხმარება.

„გადაიდგა უამრავი ნაბიჯი. პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატეთ ყველა პლატფორმაზე ყველა ფორმით. გაერო-ში ვიყავით რეზოლუციის თანასპონსორი, რაც მაგალითად, მოლდოვამ თავის დროზე ვერ გარისკა, ჰააგაში მხარი დავუჭირეთ საჩივრის შეტანას სისხლის სამართლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ, ეუთოში დავუჭირეთ მხარი შესაბამის მკაცრ რეზოლუციას, ევროსაბჭოში მხარი დავუჭირეთ რუსეთის სტატუსის შეჩერებას. ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ქმედითი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უკრაინელების მხარდასაჭერად. ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, უპრეცედენტო იყო საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარება“, – თქვა კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]