weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო ყველაზე დახურულ უწყებად დასახელდა

11:47 სამშაბათი, 24 მაისი 2022

2021 წელს ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო. ამის შესახებ ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ანგარიშში, რომელიც საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას აფასებს.

IDFI-ის ინფორმაციით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 42-ვე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. შედეგად, სამინისტროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა 0% შეადგინა და უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების რაოდენობის გათვალისწინებით საჯარო დაწესებულებათა რეიტინგის ბოლო ადგილს იკავებს.

„2021 წლის 16 მარტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე გამოყოფისა და მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, IDFI-ს სამინისტროდან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი აღარ მიუღია.

თეა წულუკიანის მინისტრობის დროს იგივე პრობლემა არსებობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაშიც, რომელიც წლების განმავლობაში IDFI-ის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიშებში ყველაზე დახურულ უწყებად სახელდებოდა.

ასევე უარყოფითად აისახა სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხზეც. მაგალითად, სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ 2021 წლის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, გაუარესდა დაახლოებით 37%-ით და მხოლოდ 15.34% შეადგინა. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2021 წლის 16 მარტის შემდეგ პასუხი არცერთ მოთხოვნაზე აღარ გაუცია.

თეა წულუკიანის ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ დამოკიდებულებაზე ასევე უარყოფითად მეტყველებს სამინისტროს ერთ-ერთი დაქვემდებარებული უწყებაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები. კერძოდ, მიმდინარე წლის 24 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, რისი საფუძველიც გახდა თანამშრომლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა“, – ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თეა წულუკიანის სამინისტროს მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები უმეტესწილად სამინისტროს ფინანსების განკარგვასთან და მის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.

2021 წელს კულტურისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გარდა, კიდევ 14 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც სრულად უგულებელყო კანონით დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა IDFI-ის ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა. მათ შორისაა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ და 13 ადგილობრივი თვითმმართველობის მერია და საკრებულო.

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (30.57%,), მთავრობის ადმინისტრაციაში (30.44%). მთავრობის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა მათ უწყებაში შექმნილი საარქივო მასალების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ IDFI-ის სტანდარტული შინაარსის ყველა მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებული იყო სამინისტროს მიერ გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან, საკადრო პოლიტიკასთან და სხვა.

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (95.93%) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - (95.65%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]