კობახიძემ ოპოზიციას მიმართა კითხვით, „რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკაში წასვლა - არწასვლის გამო, რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ შეიძლება მოაქციოს“.
„ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ ეს, პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ.
საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცვას თითოეულ მოსამართლეს, რომელიც „ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს“.
„ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც გახდება თავდასხმის ობიექტი, მიიღებს სათანადო დაცვასა და მხარდაჭერას ხელისუფლებისგან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
20 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. „მთავარ არხთან“ მოსამართლემ განაცხადა, რომ ტრენინგზე აღარ მიდის, თუმცა არ უთქვამს რა მიზეზით. ლაშა ჩხიკვაძემ თქვა, რომ უმჯობესია, კომენტარი აშშ-ის საელჩომ გააკეთოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
საქართველოს სახალხო დამცველისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, განაჩენი კანონთან შეუსაბამო და პოლიტიკურად მოტივირებულია. განაჩენს საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.
ამ თემაზე:
კობახიძე აშშ-ის საელჩოს სთხოვს, გვარამიას საქმის მოსამართლის საკითხზე განცხადება გააკეთოს