weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ვივამედის“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „აქტიურ სამედიცინო ჩარევას“ არ საჭიროებს

18:52 სამშაბათი, 24 მაისი 2022

კლინიკა „ვივამედი“ აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაში რჩება და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად ნანახი ცვლილებები არ საჭიროებს აქტიურ სამედიცინო ჩარევას. მანამდე, სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერხემალზე ტრავმა დაუდგინეს, რომელიც, სავარაუდოდ, გლდანში ძალის გამოყენებით გადაყვანისას მიიღო და ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

„ვივამედის“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა.

„ლაბორატორიული მონაცემები დინამიკაში სტაბილურია, ნაწილი ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები - უარყოფითი დინამიკის გარეშეა.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე ნანახი ცვლილებები - ხანდაზმულია, არ არის კავშირში პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან და არ საჭიროებს აქტიურ სამედიცინო ჩარევას, რეკომენდირებულია დინამიკაში დაკვირვება“, – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

„ვივამედი“ აღნიშნავს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება მიუღებელია.

„მასმედიით ხშირად გაჟღერებული ინფორმაცია, რომ კლინიკა „ვივამედს“ არ შესწევს უნარი დასვას დიაგნოზი და მართოს პაციენტი სათანადოდ - არის აბსურდული და შეურაცხმყოფელი. ყოვლად მიუღებელია კლინიკაზე და კლინიკის ექიმებზე ზეწოლა, მათ კომპეტენციებში ეჭვის შეტანა და პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციების გავრცელება. გულდასაწყვეტია და კითხვის ნიშნებს ბადებს ცალკეული ექიმების მხრიდან რეალობას მოწყვეტილი ისტერიული ინფორმაციის ტირაჟირება, რომ პაციენტი არ არის კონტაქტური, ვერ გადაადგილდება, მდგომარება არის კრიტიკული და ა.შ.“, – აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს უგრძელდება ლაბორატორიული მონიტორინგი, კონსულტირებულია სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ და ჩატარებული აქვს მრავალი ინსტრუმენტული კვლევა, მათ შორის, მაგნიურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზურგის არესა და ქვედა კიდურებში ძლიერი ტკივილები აწუხებს, რის გამოც დღეში რამდენჯერმე ტკივილგამაყუჩებელ ნემსს უკეთებენ. მისივე თქმით, სულ უფრო უჭირს გადაადგილება და ძირითადად წევს. ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ვივამედში“ მისი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]