weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ნიკა გვარამიას იან კელის პოზიციამაც გაუადვილა „რუსთავი 2“ 7 მილიონით გაეძარცვა – კობახიძე

15:36 ოთხშაბათი, 25 მაისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს, იან კელის ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრის „მორალური უფლება არ აქვს“.

კობახიძის თქმით, იან კელი ლობისტია და მისი პოზიცია საინტერესო აღარ არის.

„იან კელის ერთი რამ მინდა შევახსენო: თავის დროზე, მისი პოზიციაც ძალიან პრობლემური იყო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით და მისმა პოზიციამაც, სამწუხაროდ, ნიკა გვარამიას გაუადვილა 7 მილიონით გაეძარცვა „რუსთავი 2“.

იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ, მით უმეტეს, გავარმიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს გამომდინარე ამ პიროვნული პასუხისმგებლობიდან, რომელიც მას ამ თემასთან დაკვშირებით აქვს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

იან კელისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის ავტორობით გუშინ სტატია გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში არჩეული პოზიციისა და ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო არის გაკრიტიკებული. სტატიაში აღნიშნულია, რომ გვარამია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით გასამართლდა და ეს ავტორიტარიზმისკენ საქართველოს სვლის ბოლო მაგალითია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ის დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე, სადაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გვარამიამ 6 763 509 ლარით აზარალა ტელეკომპანია, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა განუსაზღვრა, ხოლო ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე – პატიმრობა. ნიკა გვარამია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. განაჩენს არ ეთანხმება პროკურატურაც და მის გასაჩივრებას აპირებს.

ნიკა გვარამია თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქართველოს სახალხო დამცველისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი კანონთან შეუსაბამო და პოლიტიკურად მოტივირებულია. განაჩენს საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.

იან კელი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2015-2018 წლებში მუშაობდა. იმავე წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობა. 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, რის შემდეგაც ტელეკომპანიის მაშინდელმა მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს და საქართველოს სახელმწიფოსთვის ამ გადაწყვეტილების აღსრულების აკრძალვა მოითხოვეს. მომჩივანი მხარე აცხადებდა, რომ დავის განხილვის დროს მათი უფლებები დაირღვა. ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის მარტშივე დროებითი ღონისძიება გამოიყენა, რითიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა. 2019 წლის ივლისში ევროსასამართლომ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შედეგად, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავიდა, ნიკა გვარამიამ კი ტელეკომპანია „მთავარი“ დააფუძნა, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიასაშუალებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]