weather cur horoscope tv
ივნისი 28, 2022

გახარია: „ერთობა თუ არ შეგვიძლია, 4 კვირა მაინც გავჩუმდეთ“

16:15 ოთხშაბათი, 25 მაისი 2022

„გამარჯვება და მარცხი ყველასია, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლების. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება იქნება თითოეული ჩვენგანის მარცხი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. სტატუსის მინიჭებით მიღებული გამარჯვება იქნება ყველას გამარჯვება და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმ გმირების, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირა“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდრემა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ეკლესიას ერთიანობისკენ მოუწოდა.

„ევროპული ოჯახის წევრობა არის უალტერნატივო არჩევანი, რომელიც ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას გარდაუვალს გახდის. ყველას – ხელისუფლებას და ოპოზიციას – კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარმატებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ვერავინ ვერავის გადააბრალებს. ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ ეპატიება არავის და პასუხი მოეთხოვება ყველას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას.

დღეს, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, მიუხედავად ყველაფრისა! უნდა დავდგეთ ერთად საერთო მიზნის მისაღწევად. ერთად დგომა და კომპრომისის უნარი არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვაკლია და რაც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას აზიანებს.

შესაბამისად, უარი უნდა ვუთხრათ დაპირისპირებას, პირადი ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებას, მიდგომას - „ვინც ჩემთან არ არის, ქვეყნის მტერია“. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხს, ვისწავლოთ ერთად დგომა.

ამიტომაც, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ვთხოვ ჩვენს ეკლესიას, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად. მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი!

თუ ეს ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რათა ერთმანეთის ლანძღვით და ბრალდებებით არ დავაზიანოთ პროცესი, რომლის დასრულებამდეც სულ რაღაც 4 კვირა დარჩა“,  – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ევროკავშირს მოუწოდა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ქართველმა ხალხმა ის დაიმსახურა.

„დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ ევროინტეგრაციის გზაზე და მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ასეთი შესაძლებლობის გაჩენას ჩვენი ქვეყანა ელოდება დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ამის ხელიდან გაშვება არ გვეპატიება. ეს არის ჩვენი წინაპრების და ჩვენი ისტორიის საუკუნოვანი მიზანი. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის, ქვეყნის თავისუფალი, დემოკრატიული განვითარების და წარმატების გარანტი. ევროპას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წლისთვის გეგმავდა. ვადამ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან დაკავშირებით გადმოიწია, რადგან უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა და 28 თებერვალს ოფიციალური განაცხადიც წარადგინა. უკრაინას ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა წევრმა – საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს. 11 აპრილს, საქართველომ და მოლდოვამ, ცოტა ადრე კი უკრაინამ, შესავსებად თვითშეფასების კითხვარი მიიღეს. საქართველომ ევროკავშირს შევსებული კითხვარი მაისის დასაწყისში დაუბრუნა. პასუხების საფუძველზე ევროკომისიამ უნდა მოამზადოს შეფასების ანგარიში ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მიღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]