weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

26 მაისს ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა და ჩვენამდე მოიტანა ეს დღე – ზურაბიშვილი

11:14 ხუთშაბათი, 26 მაისი 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით Twitter-ზე განცხადებას აქვეყნებს.

„აღვნიშნავთ 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა და ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება. მათ სისხლი გაიღეს და სიცოცხლე შესწირეს, რათა ჩვენ შეგვძლებოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, აგვერჩია საქართველოს მომავალი და პრეტენზია გვქონოდა ჩვენს ევროპულობაზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, ეროვნული საბჭოს სახელით, ქართველ ერსა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება ამცნო. ამ დღეს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ შეძლო.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო, მოგვიანებით, კი უზენაესი საბჭოს არჩევნებიც დაენიშნა. არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და პარტიამ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით გაიმარჯვა.

1991 წლის 31 მარტს, უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმი ჩაატარა, კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის 90.3%-მა. მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]