weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯო ბაიდენმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

12:04 ხუთშაბათი, 26 მაისი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქართველ ერს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში, ბაიდენი აღნიშნავს, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით.

„საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, – აღნიშნულია ბაიდენის მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას.

„დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში.

შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე.

შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, ეროვნული საბჭოს სახელით, ქართველ ერსა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება ამცნო. ამ დღეს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წელს შეძლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]