როგორც პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს კონკრეტული გზავნილი ჰქონდა – ორი-სამი კვირა დარჩა, ვიდრე ევროკავშირი გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამ პერიოდში საქართველომ უნდა გადადგას გადამწვეტი ნაბიჯები.
„ანუ, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომლის საპასუხოდაც გარანტირებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. სწორედ ამიტომ, აქ შეკრებილი პარლამენტის წევრები გაგაცნობთ იმ 7 ნაბიჯის ნუსხას, რომელიც, ვფიქრობთ, ნამდვილად შემოატრიალებს ამ პროცესს და იქნება ხმა ევროპისკენ, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას სთავაზობენ შემდეგს:
- ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში;
- საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ, მე-2 და მე-3 მოსმენებით მიღება;
- შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე – დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა;
- უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები უკრაინაში;
- მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას;
- ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა;
- მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება.
გიორგი ვაშაძის თქმით, ორ-სამ კვირაში ყველა ამ ნაბიჯის გადადგგმის მოსწრება შესაძლებელია.