weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

რა არის EU-ის წევრობის პოტენციური კანდიდატის სტატუსი – ვანო ჩხიკვაძის განმარტება

23:44 პარასკევი, 27 მაისი 2022

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ევროპული ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ განმარტა, რა არის ევროკავშირის წევრობის პოტენციური კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩხიკვაძე ამ საკითხზე მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა და „სერგო ორჯონიკიძის მსგავს ქმედებაში“ დაადანაშაულა. გარდა ამისა, კობახიძემ ფონდს „ომის პარტიის დანამატი“ უწოდა.

„კარგი იქნებოდა, რომ ამ ყველაფერს მარტო აზრთა სხვადასხვაობა გამოეწვია და არა ლანძღვა, მაგრამ როგორც არის, ისე არის. არაუშავს. ეს არის ის ვარიანტი, რასთან დაკავშირებითაც ჩემს კოლეგასთან, სონია შიფერსთან ერთად დავწერე სტატია.

თუკი ავიღებთ მოქალაქე ვანო ჩხიკვაძეს, მისთვის ამოსავალი წერტილი და პროგრამა მაქსიმუმი არის ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. უფრო მეტსაც გეტყვით: ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის ოცნებაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩემთვის, როგორც ინდივიდის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის უდიდესი სურვილი, ოცნება, რაც გინდათ ის დავარქვათ.

ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც ამ საკითხებს იკვლევს, იმ ყველაფრის ფონზე, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავდით ბოლო სამი წლის განმავლობაში და რასაც ვხედავთ ევროკავშირში – საქართველოში ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა კუთხით სიტუაციის გაუარესებას - 5 ივლისი; მოსამართლეთა დანიშვნა, რასაც უდიდესი კრიტიკა მოჰყვა ყველასგან, ვინც კეთილმოსურნეა - პარტნიორებისგან, საერთაშორისო საზოგადოებისგან; სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის შექმნა-გაუქმება-გარდაქმნა; საკითხები, რომელიც უკავშირდება ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას და მოპყრობას საპყრობილეში; დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლის დაკავებას მაშინ, როდესაც სასამართლო არ გვაქვს დამოუკიდებელი და ა.შ. ეს არის ერთი ლიმიტი, რაც არსებობს. მეორე ლიმიტი არის ევროკავშირის შიგნით და სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის შიგნით არ არის კონსენსუსი, რაც საჭირო იმისთვის, რომ საქართველო, მოლდოვამ და უკრაინამაც კი, ავტომატურად მიიღონ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ მოგვწონს, არ მოგვწონს, ვბრაზდებით თუ ა.შ., რეალობა არის ასეთი.

ამის გამო, მე, როგორც არა ამ ქვეყნის მოქალაქე, არამედ ადამიანი, რომელიც ამ პროცესს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ალტერნატივა, თუკი კანდიდატის სტატუსი არ არის, შეიძლება იყოს პოტენციური კანდიდატის სტატუსი, რომელიც თეორიაშიც და პრაქტიკაშიც არსებობს“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

მისივე თქმით, „პოტენციური კანდიდატის სტატუსი“ გულისხმობს იმას, რომ ქვეყანას ეძლევა წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მისი გააქტიურება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა ქვეყანა კონკრეტულ პირობებს შეასრულებს.

„ანუ, ამბობენ, რომ კი, ეს ქვეყანა ხდება ოფიციალურად კანდიდატი, მაგრამ იმისთვის, რომ ის სრულფასოვანი კანდიდატი გახდეს, მან უნდა გაატაროს სასამართლოს რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ა.შ. ეს არ არის რაიმე სიახლე. ყველაზე ბოლო შემთხვევა უკავშირდება ალბანეთს, რომელსაც პოტენციური კანდიდატის სტატუსი 2010 წელს მიანიჭეს და წაუყენეს 12 პირობა, ალბანეთმა გაატარა გარკვეული რეფორმები, მათ შორის იყო 2013 წელს ჩატარებული არჩევნები და ამის შემდეგ, 2014 წელს მიენიჭა სრულფასოვნად კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

მისივე თქმით, არსებობს გადაწყვეტილების კიდევ რამდენიმე ვარიანტი, რომელიც შესაძლებელია ევროკავშირმა საქართველოს განაცხადთან მიმართებაში განიხილოს, მათ შორის, პასუხის გადადება და ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მიცემა – დაპირება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

„ვინმე სამშობლოს მოღალატედ გამოცხადდეს იმის გამო, რომ სხვა ვარიანტებზეც იყო მსჯელობა, ნამდვილად არასწორი მგონია“, – აღნიშნა ჩხიკვაძემ.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადები საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აქვთ წარდგენილი. ევროკავშირის გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი.

ე.წ. პოტენციური კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, კობახიძის განცხადება პროპაგანდისტულია და მისი პოლიტიკური მიზანია, ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე დაშვებული შეცდომები ფონდს გადააბრალოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]