ევროკავშირის ელჩი დღეს სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას და საქართველოზე მის გავლენას ეძღვნებოდა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.
„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, წარმატებისთვის საჭიროა ერთობა. მე ვხედავ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ყველა ერთნაირ მოწოდებას აკეთებს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ყველას ერთ ოთახში თავმოყრა ვერ ხერხდება.
მე არ ვარ გულუბრყვილო და ვიცი, რომ უფრო რთულია ნორმალური პოლიტიკური კულტურის აშენება, ვიდრე ერთმანეთზე ისეთი იარლიყების მიკერება, როგორებიცაა: „მონები“, „ომის პარტია“, „პუტინისტები“, „მოღალატეები“ და ა.შ. მჯერა, რომ ეს გამოწვევა უნდა იყოს გადალახული.
საქართველოს შეეძლო, უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის. ბოლო წლების განმავლობაში გაჩნდა ბევრი შეკითხვა იმის თაობაზე, თუ საით მიდის საქართველო.
ვფიქრობ, განსაკუთრებული საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბოლო დროს ევროკავშირის საჯარო რეაქცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე არცთუ სასიამოვნო იყო. ეს ეხებოდა დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებულ ტენდენციებს, 5 ივლისის ძალადობას ჟურნალისტებისა და უმცირესობების წინააღმდეგ, ისევე როგორც მის შემდგომ მოვლენებს, ასევე რამდენიმე ქმედებას, რომელიც მიმართული იყო სასამართლო სისტემის დაზიანებისკენ, ფარული ჩანაწერების პრაქტიკა და ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება.
საჭიროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არ არის უმნიშვნელო. პირიქით, ისინი პირდაპირაა დაკავშირებული ევროკავშირის საკვანძო ღირებულებებთან. საქართველომ უნდა დაიბრუნოს რეგიონის საუკეთესო მოთამაშის და საუკეთესო რეფორმატორის სახელი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ელჩის თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა იოლი არ არის და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი და მსოფლიოში განვითარებული სხვა მოვლენები გავლენას ახდენს ამ პროცესზე, „როგორც ისტორია აჩვენებს“, ის დაიწყება და დამთავრდება საქართველოს „სიმტკიცითა და ქმედებებით“.
„ევროკავშირის საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია. საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი დახმარება აქვს მიღებული ერთ სულ მოსახლეზე. ჩვენ მზად ვართ, კვლავაც გავაგრძელოთ მუშაობა მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული უახლოეს კვირებში. გვსურს, რომ საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. ასე რომ, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს.