weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს იორდანიაში ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც იმყოფებოდა

19:21 ორშაბათი, 30 მაისი 2022

იორდანიაში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 28 მაისს გაემგზავრა, ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც იმყოფებოდა. ხიდაშელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ იმ ვიდეოში ჩანს, რომელიც იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის საარქიეპისკოპოსოში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტს ასახავს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მდინარე იორდანესთან მდებარე 4000 კვ.მ. მიწის საქართველოსთვის გადმოცემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს შეხვდა.

გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ ღარიბაშვილს თან ახლდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. უცნობია, რატომ იყო იქ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელიც საარქიეპისკოპოსოში შეხვედრის დასრულების ამსახველ მონაკვეთში ჩანს. ქართული მხარის მიერ გასაჯაროებულ ფოტოებში ის არ ფიგურირებს.

დავით ხიდაშელს, რომელიც პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და მეგობარია, საქართველოს მთავრობამ 11 მარტს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით გადასცა. სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტერიტორია რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების და საქმის მასალების გასაჯაროებაზე უარს ამბობს.

დავით ხიდაშელი ფიგურირებს 25 აპრილს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში, რომელიც სანქცირებულ რუს მილიარდერს, ვლადიმერ ევტუშენკოვსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შორის მარტში შემდგარ ორ სატელეფონო ზარს ეხებოდა. ჩანაწერის მიხედვით, ევტუშენკოვი ივანიშვილს მარცვლეულთან დაკავშირებულ გარიგებაზე ესაუბრება და ამბობს, რომ მის „იდეას“ საქართველოში დავითი ჩამოიტანს. ის ალი უზდენოვსაც ახსენებდა და ივანიშვილს სთხოვს, მათ პირადად შეხვედეს. მეორე ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ „ისინი მაშინვე პრემიერთან გაუშვა“. ჩანაწერის ავთენტურობა ფაქტობრივად დაადასტურა დავით ხიდაშელმა, როდესაც თქვა, რომ რუსეთიდან ხორბლის შემოტანაზე მუშაობს და ალი უზდენოვთან ერთად ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა. ის ივანიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრებს უარყოფდა.

დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების საქმეში“ მთავარი ფიგურანტია, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პროკურატურამ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. რუსეთიდან დავით ხიდაშელის ჩამოტანილია საქართველოს რუკის ის ეგზემპლარები, რომელიც საქმეშია ჩადებული და პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას წინააღმდეგ იყენებს. ბრალდებულები სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში ახლაც გრძელდება.

2021 წლის იანვარში, „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დავით ხიდაშელს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრს აკეთებს.

„თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ მე რამე განსაკუთრებული გავაკეთე, ეს კაცი ჩემზე არანაკლები ქველმოქმედია, არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. რაც მან ქვეყანას გაუკეთა, მიმაჩნია, რომ არის ჭეშმარიტი გმირობა. ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა. ეს გააკეთა გულწრფელად, თავისი გონებით, შემართებით, თავისი რესურსებით. ჩემი აზრით, ის არის ჭეშმარიტი გმირი და ნამდვილი პატრიოტი. მივიჩნევ, რომ ვალი მიმყვება ამ კაცის“, – ამბობდა ივანიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]