weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ კერძო საკუთრებაში პრაიდ ფესტივალის ჩატარებას არ დაუშვებს

17:52 ოთხშაბათი, 01 ივნისი 2022

ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ „პრაიდის კვირეულის“ წინააღმდეგ „სრულ მობილიზაციას“ აცხადებს. ამის შემსახებ პარტიის ლიდერებმა – კონსტანტინე მორგოშიამ, გიორგი ქარდავამ, ზურაბ მახარაძემ და შოთა მარტინენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მორგოშიას თქმით, „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ორი ღონისძიება, კერძოდ, ფილმის ჩვენება და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა, არ აინტერესებთ, მესამე ღონისძიების – ფესტივალის ჩატარებას კი არ დაუშვებენ.

„მესამე ღონისძიებაა ფესტივალი. ამათმა 5 ივლისიდან მოყოლებული იციან, რომ ვერანაირ პრაიდებს ვერ ჩაატარებენ, რადგან 5 ივლისის ცუდი გამოცდილება აქვთ და მოიფიქრეს დიდ ლოკაციაზე, კერძო საკუთრებაში, რომელიც დაახლოებით 4.5-5 ჰექტარია, ჩაატარონ ფესტივალი. ორგიის მსგავსი რაღაც ღონისძიება იქნება. თავისთავად ცხადია, რომ ქართველი ხალხი და მათ შორის ჩვენ, როგორც ხალხის უდიდესი ნაწილის გამომხატველი პოლიტიკური ძალა, ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ, რომელსაც ბრიფინგზე ცნობილი იტალიელი გეი დიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს მიერ დაფუძნებული ბრენდის მაისური ეცვა.

შოთა მარტინენკომ კი თქვა, რომ მომავალ ერთ თვეს მოსამზადებლად და „კონტრშეტევისთვის“ გამოიყენებენ.

„ეს არ იქნება პასიური მომზადება 2 ივლისისთვის. მთელი ივნისის განმავლობაში ჩვენ გვექნება ღონისძიებები, რომლებიც იმ განწყობის ფორმირებაზე იქნება გათვლილი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს უკვე ბოლო ეტაპზე“, – აღნიშნა მარტინენკომ.

ლგბტქ მოძრაობა „თბილისი პრაიდმა“ 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით „პრაიდის კვირეულის“ გამართვა დაანონსა. კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება, რომელთა შორის მსვლელობა არ არის.

„წელს ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად. ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება“, – აცხადებს „თბილისი პრაიდი“.

მოძრაობის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება – კინოენაზე მოთხრობილი ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის ამბავი;
  • რეგიონული კონფერენცია, რომელზეც საერთო გეოპოლიტიკურ ბრძოლებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან;
  • გრანდიოზული პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს.

„ალტ-ინფოს“ გასულ წელსაც აქტიურად იყო ჩართული 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზებაში. ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები, მათ შორის მახარაძე და მორგოშია, ჯერ საკუთარი ტელევიზიის საშუალებით, შემდეგ კი აქციაზე, ხარდამჭერებს ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ. აქციაზე თავს დაესხნენ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს და დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. ზურაბ მახარაძე 6 ივლისის კონტრაქციასაც ხელმძღვანელობდა – პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ელჩები „თავიანთ საელჩოებში უნდა დაეტიონ“.

იმავე წლის ივლისში „ალტ-ინფომ“ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა და რეგიონებში ოფისების გახსნა დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]