„არავინ არ გვთხოვს ჩვენ იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება. ერთ მაგალითს მოგცემთ:
ჩვენ ვართ, ალბათ, ერთ-ერთი ქვეყანა, ძალიან ცოტანი არიან ევროპაში დარჩენილი, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა?! ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში.
ასევე, მე მგონი, ჩემი შეხედულებაა ასეთი, რომ 26 მაისს, რომელიც ევროინტეგრაციის ეგიდის ქვეშ იყო, პარლამენტის ფასადზე, სადაც ქართული და ევროპული დროშები იყო, შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინის და მოლდოვის დროშებიც. თუ ეს ტრიო ერთად მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით და თუ უკრაინა არის მიზეზი დღეს ამ პროცესის აჩქარებისა, ალბათ, ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ და ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერნი, ზოგჯერ “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკრაინას სრული სოლიდარობა გამოუცხადა და ეს არის მთავარი.
„არ შეიძლება არ ვიყოთ მთლიანად სოლიდარული ამ ქვეყნის, რომელიც დღეს არის იმავე პირობებში, რაშიც ჩვენ ვიყავით და უფრო ხანგრძლივად. ეს 100 დღე ძალიან მძიმე 100 დღეა და უკრაინამ მსოფლიოს აჩვენა ძალიან დიდი მაგალითი ბრძოლის, შემართების, თანამიმდევრულობის და გამძლეობის. ეს არის ის, რასაც ქართველები სრულად აფასებენ. ქვეყანამ ასევე გამოიჩინა მხარდაჭერა ბევრი კუთხით. პირველ რიგში, თუმცა ჩვენ სხვანაირად ვლაპარაკობთ, მაგრამ სანქციების ნაწილში მიღებული იქნა ფინანსური სანქციები, რომელიც არის ყველაზე მძიმე და რომელიც ყველას ევალება, ჩვენც ვართ ამის ნაწილი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.