weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ჩემი და სხვა ქვეყნების EU-ის კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვება შეცდომა იქნება – ღარიბაშვილი

11:22 შაბათი, 04 ივნისი 2022

„საქართველოს თავისი საშინაო დავალება შესრულებული აქვს და ახლა ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური, სტრატეგიული, თან მორალური და თან სიმბოლური გადაწყვეტილებაა.

„რა გზავნილს ვუგზავნით რუსეთს? ავიღოთ საქართველო. არ ვისაუბრებ სხვა ქვეყნებზე და მხოლოდ საქართველოს შესახებ ვიტყვი: საქართველო ერთგულია ევროპული სტანდარტების, ფასეულობების, ევროკავშირის ფასეულობების. თან ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს გადახდილი, რეფორმებს ვახორციელებთ, წინსვლა გვაქვს ყველა მიმართულებით.

ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და წევრობაზე განაცხადიც გაკეთებულია. ახლა ევროპის ჯერია. ახლა მან უნდა გადაწყვიტოს.

ცხადად უნდა განვასხვავოთ ის, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე და არა წევრობაზე. ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს ან იმას, რაც დაუმსახურებლად მიიღება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, რომლებიც ჩვენს თავზე ავიღეთ. მაგრამ დღეს ლაპარაკია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. ეს კი გახლავთ გზავნილი ყველასთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე რუსეთისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი საქართველოს დამატებით მოტივაციას მისცემს და ეს იქნება მისი პროგრესის აღიარებაც.

„ევროკავშირისგან ჩვენ მოველით ბრძნულ გადაწყვეტილებას, რადგან, მოდით, გულახდილად ვთქვათ, როცა რუსეთი 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, მსოფლიოში ასე იფიქრეს: იქნებ დღეს კონტექსტი სხვაგვარია და ასე შემდეგ. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდეგ დედამიწაზე არავის დაუწესებია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. არავის! პირიქით, ჩვენ გავხდით რუსეთთან ურთიერთობებში ყველა სახის „გადახალისების“, „ახლიდან დაწყების“ და ა. შ. მოწმენი. 2014 წელს მთელი მსოფლიო იყო შოკირებული, როცა რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. ასევე, სულ ახლახან მთელი მსოფლიო გაოგნებული და შოკირებული იყო, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ასე რომ, დასავლეთის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, სათანადო, პროპორციული.

თუკი ევროკავშირი, ჩვენს რთულ დღევანდელ დროში, დატოვებს ჩემს ქვეყანას და სხვა მსგავს ქვეყნებს: ასოცირებულ ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - კანდიდატის სიმბოლური სტატუსის გარეშე, დაყოვნების გარეშე ვიტყვი, რომ ეს არის შეცდომა, რადგან ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გავაკეთეთ.

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რეფორმების გაგრძელება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის რაღაცას ითხოვს დაუმსახურებლად.

„პირიქით, ჩვენ ვართ წვლილის შემტანნი. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეგზავნა ჩვენი მებრძოლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ეს იყო რთული, მძიმე გადაწყვეტილება. ამ ოპერაციას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ხელმძღვანელობდა ევროკავშირი. და ეს იყო რთული გადაწყვეტილება. ჩვენ გავაგზავნეთ ერთი ბატალიონი, ანუ 500-ზე მეტი მებრძოლი, რათა დავხმარებოდით ჩვენს ევროპელ მეგობრებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვაქვს წვლილი და ჩვენ - ქართველები და საქართველო ყოველთვის ვართ იქ, სადაც ეს ევროპას სჭირდება, სადაც მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას ვჭირდებით. ასევე არის NATO-ს ოპერაციები და საქართველოს მონაწილეობა ამ ოპერაციებში ერაყში, ავღანეთში, სადაც ჩვენ გვყავს 2000 მებრძოლი, რომელთაგან 35 მამაცი მებრძოლი დაიღუპა, სიცოცხლე შესწირა ამ საერთაშორისო იდეას, ტერორიზმთან ბრძოლას, ასევე ბრძოლას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. 500-ზე მეტი მებრძოლი მძიმედ დაიჭრა.

საქართველო არ ითხოვს არაფერს დაუმსახურებლად, სანაცვლოს გარეშე, ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ვიმეორებ, რომ ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი. ჩვენ ეს გზა არ დაგვიწყია რამდენიმე წლის წინ. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ხალხის, ჩვენი წინაპრების ოცნება და სურვილი საუკუნეების წინ. რაც შეეხება გამოწვევებს, ოკუპაცია, მიმდინარე ოკუპაცია, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ყველაზე დიდ გამოწვევას. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის ჯარებთან ერთად ჩვენსავე ტერიტორიაზე. ისინი დგანან თბილისში მდებარე ჩემი ოფისიდან 40 კილომეტრში. რა თქმა უნდა, საქართველო დაუცველია. რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ ჩვენი ფუნდამენტური პრინციპების და ღირებულებების ერთგულნი, ასევე ჩვენი ურყევი გადაწყვეტილების ერთგულნი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა.

ევროკავშირში არავის გამოუცდია ომი რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ეს გადავიტანეთ, თანაც სამჯერ: 90-იან წლებში, როცა აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, გვქონდა ომი აფხაზეთსა და ოსეთში, ანუ ჩვენს რეგიონებში და შემდეგ იყო უფრო ფართომასშტაბიანი ომი. ჩვენ ვიცით ომის ფასი. შესაბამისად, მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდ მიღწევას. და ახლა არის ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა.

საქართველო, თავისი არსით, არის ევროპული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, „კონსტიტუცია", ანუ ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს ჩვენს გენერალურ გეგმას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებზეც ჩვენ ავიღეთ პასუხიმგებლობა. ჩვენ ვიცით, როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია და ვაქციოთ იგი ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ. ასე რომ, 5-10 წელიწადში ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ ევროპაში, ევროკავშირში. 10 წელი არის ჩვენი ოცნება და სურვილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილება საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]