weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

პარლამენტის თავმჯდომარის ქონება, ოჯახი და ინფორმაციები, რომელიც დეკლარაციაში არ არის ასახული

11:06 პარასკევი, 20 იანვარი 2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ არის სამეწარმეო საქმიანობაში მისი მონაწილეობისა და 2016 წელს „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 50 000 ლარის ოდენობით ფინანსური შემოწირულობის შესახებ. კანონის თანახმად, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის არასწორად ან არაზუსტად დეკლარირება იწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას 1000 ლარით.

ირაკლი კობახიძე საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი მან 31 დეკემბერს წარადგინა.

დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები არიან მეუღლე ნატალია მოწონელიძე და ორი მცირეწლოვანი შვილი - 5 წლის გიორგი და 2 წლის ნიკო კობახიძეები.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე ირაკლი კობახიძის წლიური შემოსავალი 19 066 ლარი იყო.

ნატალია მოწონელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებს. გარდა ამისა, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორია. 2016 წელს მისი შრომის ანაზღაურება სულ შეადგენდა 32 000 ლარს.

პარლამენტის თავმჯდომარის საკუთრებაშია ორი უძრავი ნივთი: ქალაქ თბილისში, წყნეთის გზატკეცილის №56-ში მდებარე 157,8 მ2 ფართობის საცხოვრებელი ბინა და იმავე მისამართზე არსებული 20 მ2 ავტოსადგომი. აღნიშნული უძრავი ქონება მან თავისი მამის გიორგი კობახიძისგან ჩუქების ფორმით 2016 წლის 5 სექტემბერს მიიღო.

ირაკლი კობახიძის საკუთრებაშია ავტომანქანა „VW Tiguan“, ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაში - ავტომანქანა „Nissan Tiida“.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროისათვის პარლამენტის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით 9 500 ლარი ჰქონდა.

იმავე დეკლარაციის შესაბამის გრაფაში ირაკლი კობახიძე მიუთითებს, რომ სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობს, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ ჰქონიათ 1500 ლარზე მეტი ოდენობის სხვა სახის ფინანსური შემოსავალი ან გასავალი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დეკლარაციის ეს ჩანაწერები არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ, 2013 წლის 16 სექტემბერს ირაკლი კობახიძე საჯარო რეესტრში ინდმეწარმედ დარეგისტრირდა და რეგისტრაცია დღემდე ძალაშია. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი იურიდიული მისამართია თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, V კვარტალი, მე-4 კორპუსი, ბინა 42, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის დედის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მისამართია.

გარდა ამისა, დეკლარაციის ბოლო გრაფაში („სხვა შემოსავალი და გასავალი“) აღნიშნული არ არის, რომ ირაკლი კობახიძემ 2016 წლის 13 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით 50 000 ლარი ჩარიცხა.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, რომლის თანახმადაც სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია პროაქტიულად შეამოწმოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების სისწორე და სისრულე, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თანამდებობის პირს ეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი კობახიძის მამა გიორგი კობახიძე საქართველოში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. 1990-1992 წლებში იგი იყო ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი და აღმასრულებელი მდივანი. 1992-1999 წლებში იყო საქართველოს მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი. ბოლო პერიოდში იყო „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი. 2015 წლის იანვარში გიორგი კობახიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც შვილის - ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად დანიშვნა და, ამის გამო, შესაძლო პოლიტიკური უხერხულობების თავიდან აცილება დაასახელა.

პარლამენტის თავმჯდომარის დედა - თამარ ზაალიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭოს წევრია. პარალელურად, იგი პედაგოგიურ საქმიანობასაც ახორციელებს - არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]