weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კობახიძე ლევან ბერძენიშვილზე: „ზიზღით გამსჭვალული, უსამშობლო და უღმერთო“

13:11 სამშაბათი, 07 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ქართული ეროვნული იდენტობის მიმართ „შეტევის ახალი ტალღა“ ხორციელდება, რის მაგალითადაც მან მეფე ერეკლე მეორესთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილის განცხადება დაასახელა.

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, კობახიძემ ლევან ბერძენიშვილს „ზიზღით გამსჭვალული, უსამშობლო და უღმერთო კაცი“ უწოდა.

„გამოარჩიეს რამდენიმე ქართველი, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, დაანგრიონ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობა. ეს არის მცდელობა, რომელიც სახეზეა. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას. ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს. ესენი, პირველ რიგში, არიან ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც გამორჩეული ზიზღი აქვთ ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის მიმართ. საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი არ ვიცით, მაგრამ ეს არის სამწუხარო ფაქტი.

ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, როემლიც შეძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ის არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. თუმცა, ეს არ არის უბრალოდ ერთი ზიზღით გამსჭვალული ადამიანის, უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი.

ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანის, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეროვნული იდენტობის შესარყევად უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას და ეს არის, პირველ რიგში, ამ ერის დიდი წინაპრები, მისი სარწმუნოება, ეკლესია. სწორედ აქედან გამომდინარე, არიან ამ შეტევის, შტურმის მთავარი ობიექტები ჩვენი დიდი წინაპრები – ერთ-ერთი, ჩვენი სარწმუნოება და ეკლესია.

იმისთვის, რომ გადააგვარო ადამიანი, უარი უნდა ათქმევინო, პირველ რიგში, საკუთარ დედაზე და საკუთარ მამაზე. ეს მათ იციან და მარტივია მათი შეტევის სტრატეგია ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ.

ეს არის მთელი ამ სტრატეგიის შინაარსი: ისინი ებრძვიან ჩვენი ქვეყნისა და ერის ფესვებს და ყველამ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობა“ არის კოლექტიური დოქსოპულო, კოლექტიური ბერბიჭაშვილი. ეს ადამიანები – ბერძენიშვილები, სააკაშვილები, ბოკერიები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები, ბოლშევიკები უროთი ანგრევდნენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი წარმატება ამ გზაზე, რასაც ჰქვია ეროვნული იდენტობის ნგრევა, იყოს ნულოვანი და ამაზე ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის, ერის, ხალხის წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის გამო გააკრიტიკა და დღევანდელობასთან გაავლო პარალელი. კერძოდ, ერთ-ერთ ინტერვიუში ბერძენიშვილმა თქვა: „სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და „ომი გინდათ?!“. ხო, ერეკლემაც ეგ თქვა, რა – აბა, ომი გინდათო, კაცო“.ბერძენიშვილის განცხადება 28 მაისს, თელავში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, ძირითადად, „ალტ-ინფოს“ აქტივისტებმა, თელავის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლებმა და საჯარო მოსამსახურეებმა აქციით გააპროტესტეს.

ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე, პლენარულ სხდომაზე, მხოლოდ დღეს ისაუბრა, რასაც წინ უძღოდა მის კოლეგა დეპუტატზე, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძესა და პარტიის წევრზე, ლევან ბერძენიშვილის ძმაზე, დავით ბერძენიშვილზე თავდასხმა. გუშინ, 6 ივნისს, სამნიძესა და ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორი პირი დაესხა თავს. ხათუნა სამნიძის თქმით, მათ შეურაცხყოფა პოლიტიკური შეხედულებების გამო მიაყენეს, დავით ბერძენიშვილის განცხადებით კი, თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ მისი ძმა, ლევან ბერძენიშვილი „მათ წმინდანს“, ანუ მეფე ერეკლე მეორეს აგინებს. პოლიციამ ორი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი დააკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]