„წინა სასესიო კვირას ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება უფლებამოსილების წესთან დაკავშირებით. მე მესმის, რომ ოპოზიციის ნაწილმა ამ ცვლილების შინაარსი ვერ გაიგო, მაგრამ უმრავლესობის წევრებმა ძალიან კარგად იცოდით, რას ნიშნავს ეს ცვლილება და რა სამართლებრივი ბერკეტი გამოგეცალათ ოპოზიციური საკრებულოების დაშლის ადგილებზე. რა გააკეთეთ სენაკში? სენაკში გააკეთეთ ის, რომ მეათე დღეა დაკარგულია ადამიანი, ჩვენი საკრებულოს წევრი, რომელსაც ვერ პოულობს ოჯახი, რომელთანაც თქვენ მიაგზავნეთ „კანონიერი ქურდი“ ოდიშარია, დაემუქრეთ ოჯახით და შვილებით და 10 დღეა ადამიანი დაკარგულია. ამასთან დაკავშირებით რეაგირება არ ჰქონია არც პოლიციას, არც არავის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ანა წითლიძემ პარლამენტში გამოსვლისას.
ვახტან წურწუმიაზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებიც. სენაკის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ზურაბ სანაიამ „რეგინფოს“ განუცხადა, რომ წურწუმიას მიმართ ფულადი შეთავაზებებიც იყო და შესაძლოა, „ცდუნებას ვერ გაუძლო“. მისი თქმით, ვახტანგ წურწუმია ბოლოს 30 მაისს ნახა, როდესაც მან წერილობით მოითხოვა უფლებამოსილების შეწყვეტა.
2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა. კერძოდ, 33 მანდატიდან 13 „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, 4 – პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“, ხოლო 16 – „ქართულმა ოცნებამ“. 3 დეკემბერს, პირველივე სხდომაზე გახარიას პარტიის პროპორციული სიით არჩეულმა წევრმა, ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა, რის შედეგადაც ოპოზიციის წევრთა რიცხვი 16-მდე შემცირდა. „ქართული ოცნება“ საკრებულოს სხდომებზე არ მიდის და შესაბამისად, ილია ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა ვერ ხერხდება. დეკემბრის შემდეგ, კვორუმის არარსებობის გამო, სენაკის საკრებულოს სხდომა არ ჩატარებულა. სხდომის ჩასატარებლად მინიმუმ 17 დეპუტატის დასწრებაა საჭირო.
ვახტანგ წურწუმიას მიერ მანდატის დატოვების გამო, რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება, ხოლო არჩეული მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოში კვორუმის არსებობა საჭირო აღარ იქნება.
ამ თემაზე:
„ქართული ოცნება“ კანონმდებლობის მექანიზმს პარტიული მიზნებისთვის ბოროტად იყენებს – საია