„ჯერჯერობით სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია შესული არ გვინახავს. სანამ არ გავეცნობით, არ გავიგებთ რა მოთხოვნებია იქ, რის დაზუსტებას ითხოვს მთავრობა, მანამდე ამაზე საუბარი და იურიდიულ დეტალებში შესვლა რთულია. როდესაც პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფება, ამ დროს ასეთი დავის დაწყება, თვითონ განსაჯეთ, რამდენად მიზანშეწონილია. მე მიუღებლად მიმაჩნია“, – განაცხადა მსხილაძემ ჟურნალისტებთან.
გუშინ, 7 ივნისს, საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ თქვა, სარჩელით მთავრობა ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე. ჯაველიძის თქმით, მთავრობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დააკონკრეტა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის ვადამდე გათავისუფლებასა და კანადაში ელჩად დანიშვნაზე. ასევე იმაზე, რომ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დანიშნულიყო. კობახიძის თქმით, უარის მიზეზი გაუგებარი იყო.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, სახელმწიფო მეთაურის როლი მთავრობის მიერ ცალმხრივად არის დანახული.
„ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს შემაშფოთებელია. საქმე ეხება ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს. მთავრობა ამბობს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, თვალდახუჭულმა მოაწეროს ხელი ქაღალდს, რომელსაც მას დაუდებენ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.