weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ომბუდსმენი მიიჩნევს რომ განაჩენი დაუსაბუთებელია და პრეზიდენტმა გვარამია უნდა შეიწყალოს

11:06 ოთხშაბათი, 08 ივნისი 2022
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 მაისის განაჩენი, რომლითაც „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2 ეპიზოდი), რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. სახალხო დამცველმა განაჩენის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ განაჩენი კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ე.წ. რეკლამების გაყიდვის ეპიზოდი

განაჩენის თანახმად, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა საწარმოს, ტ/კ „რუსთავი 2“-ის დამაზიანებელი მოქმედება იმით, რომ 2015 წელს, კომპანიის მართვის დროს შეცვალა რეკლამის გაყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები, რითიც კომპანიამ არ მიიღო უფრო მეტი შემოსავალი. სახალხო დამცველის განცხადებით, ჩვეულებრივი სამეწარმეო გადაწყვეტილების გამო პირის დასჯა არღვევს კანონიერების პრინციპის მთავარ ელემენტს - ნორმის განჭვრეტადობას.

„სამწუხაროდ, სასამართლოს საერთოდ არ განუხილავს, თუ რა შემთხვევებში წარმოშობს კორპორატიული დარღვევა დანაშაულს და პირდაპირ ასკვნის, რომ დირექტორმა არა მხოლოდ დაარღვია ფიდუციური ვალდებულება, არამედ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. 

დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 ე. წ. მანქანის ეპიზოდი

აღნიშნული ეპიზოდი შეეხება ტ/კ „რუსთავი 2“-ის სარეკლამო ეთერის გაყიდვას საბაზრო ფასზე ნაკლებ ოდენობად 3 თვის განმავლობაში. სასამართლოს თანახმად, ამის მიზანს წარმოადგენდა დირექტორის პირადი დაინტერესება, რომ სანაცვლოდ რეკლამის განმთავსებელი კომპანიისგან მის მეუღლეს მფლობელობაში მიეღო ავტომანქანა.

„განაჩენში ვერ ვხვდებით ფიდუციური მოვალეობებისა და საკორპორაციო-სამართლებრივი საკითხების თუნდაც გაკვრით ხსენებასაც კი. ერთადერთი, რასაც სასამართლო ადგენს ის არის, რომ კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულება საბაზრო ფასზე ნაკლებ ანაზღაურებას ითვალისწინებდა. სამეწარმეო განსჯის წესისა და ხელშეკრულების დადების საკორპორაციო შინაარსში შესვლის გარეშე, გაუგებარია, თუ როგორ შეუძლია სასამართლოს, მხოლოდ ფასებს შორის სხვაობის დადგენით, გამოიტანოს დასკვნა, რომ ხელშეკრულების დადება კომპანიის ინტერესებს უხეშად აზიანებდა.

ასევე, სრულად დაუსაბუთებელია კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის გამოყენების მართებულობა.

სასამართლო მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა სასჯელის სახის (თავისუფლების აღკვეთა) განსაზღვრის დასაბუთების დროს და საერთოდ არ მიუთითა, თუ რატომ შეუფარდა ბრალდებულს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა და რატომ არ გამოიყენა მეტი ან ნაკლები ოდენობა, რასაც სსკ 220-ე მუხლის დისპოზიცია ითვალისწინებდა.

სასამართლომ არ გამოიყენა ჯარიმა (რომელიც გამოიყენა პირველ ეპიზოდში) ან შინაპატიმრობა (დაუსაბუთებელი მიზეზით) და დანიშნა საპატიმრო სასჯელი ეპიზოდში, სადაც გამოწვეული ზიანი პირველ ეპიზოდთან შედარებით დაახლოებით 100-ჯერ ნაკლები იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017-2021 წლებში ამ მუხლით მსჯავრდებისას საპატიმრო სასჯელი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ე.წ. ფულის გათეთრების ეპიზოდი

ამ ეპიზოდში ნიკა გვარამია გამართლდა. სახალხო დამცველის განცხადებით, ეს განაჩენის ერთადერთი მონაკვეთია, სადაც სასამართლოს მსჯელობა შეიცავს მითითებებს საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებზე.

„თუმცა, საგულისხმოა, რომ პოლიტიკური მდგენელის მქონე უკვე მეორე საქმეში (პირველი იყო მამუკა ხაზარაძისა და სხვების ბრალდების საქმე) გვხვდება ფულის გათეთრების სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც სასამართლოსვე შეფასებით, არის ბუნდოვანი და არ შეიცავს უტყუარ მტკიცებულებებს. მსგავსი სიმძიმის ბრალდება სერიოზული რეპუტაციული ზიანის მქონეა, რის გამოც, პროკურატურას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ევალება“, – აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა და შესაბამისად, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი, სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი.

„ვინაიდანგანაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]