weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს საქართველოს კანდიდატობაზე მიმართავს

19:45 ხუთშაბათი, 09 ივნისი 2022

ევროპარლამენტი საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის იმუშაონ.

„ევროკავშირის პარლამენტი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს ასრულებას და ამიტომ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, ევროპული კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში. ევროპარლამენტი რეზოლუციის მიხედვით, ამით საქართველოს ხელისუფლება ცალსახად აჩვენებს თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, განახორციელოს საქართველოს ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებები, რაც დამოწმებულია ევროკავშირში გაწევრიანებაზე 3 მარტის განაცხადით.

ევროკავშირის პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას წინ დებატები უძღოდა. ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ისინი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებენ, განიხილონ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირი გამოთქვამს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს ერთადერთი ოლიგარქი, ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და იმ კონტროლის დონის გამო, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.

გარდა ამისა, რეზოლუციით მკაცრად არის დაგმობილი საქართველოს მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 16 მაისს გამოტანილი განაჩენი, რომლითაც მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ მთავრობამ სწრაფად უნდა გაატაროს ეფექტური სასამართლო რეფორმა, რათა გაზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს.

სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]