weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ადვოკატი: ბატონი ივანიშვილის მიდგომა საქმისადმი მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნებაა

11:18 პარასკევი, 10 ივნისი 2022

„აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სანქციების შემუშავებას თავისი ფორმალური და პროცედურული წანამძღვრები აქვს. ეს სიტყვა არ არის მხოლოდ სემანტიკა. როდესაც უკვე გადადიხარ პრაქტიკული გადაწყვეტილების შემუშავებისა და რეალიზების პროცესში, შენ ძალიან მაღალი მტკიცების ტვირთი უნდა ზიდო და ეს ასე მარტივად არ ხდება“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

ადვოკატმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, სადაც ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზეც არის ჩანაწერი.

„ზოგადად, როდესაც გესმის სიტყვა „სანქცია“, საღად მოაზროვნე ადამიანი და მით უმეტეს, თუ განეკუთვნები იურიდიულ პროფესიას, მოლოდინში ხარ, რომ ეს არ იქნება უბრალოდ დეკლარატიული განცხადება, იქნება კონკრეტული შინაარსი და რაც მთავარია, კონკრეტული ფაქტებითა და გარემოებებით განმტკიცებული. ჩვენ მერამდენედ ვხვდებით ისეთ შემთხვევას, როდესაც ისეთი სერიოზული დატვირთვის მატარებელი სიტყვა, როგორიც „სანქციაა“ ტრიალებს ქართულ და უკვე არამარტო ქართულ სივრცეში და მისი გაჯერება სიმყარით და სიმტკიცით არ ხდება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ვიქტორ ყიფიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარ აქტივებზე წვდომასა და განკარგვაში დაბრკოლება 4 მარტს შეექმნა და ამ დროიდან მოყოლებული ფაქტობრივი სანქციების პირობებში ცხოვრობს და მუშაობს.

„ალბათ, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი აღსანიშნი გარემოება. 24 თებერვალს იწყება ის ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები, რაც არც მეტი და არც ნაკლები, ერთ-ერთი ქვეყნის მარეგულირებელმა პირდაპირ თქვა, რომ გამოწვეულია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებით. აქედან გამომდინარე, არსი სწორედ იმაშია, რომ ჩვენ ვართ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. ბატონ ივანიშვილს უწევს საქმიანობა და ამ თემასთან ჭიდილი განა გაცხადებული, არამედ განუცხადებელი სანქციების პირობებში“, – აღნიშნა ვიქტორ ყოფიანმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში მძიმე ბრალდებებია, რომელთაც დასაბუთება არ აქვთ.

„ჩვენი ვარაუდი არის ის, რომ ამ პროცესების ფესვი, მათი ახსნა არის უფრო ღრმა და გარკვეულწილად უკავშირდება რეგიონში, ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ არ ვუსწრებთ პროცესებს ერთი მარტივი გარემოების გამო – ჯერ ერთი, თვითონ ბატონი ივანიშვილის სტილი და მიდგომა საქმისადმი მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნებაა. ეს სიმშვიდე ჩვენს გუნდზეც გადმოდის, რომ აკადემიურად, დინჯად და არგუმენტირებულად მივუდგეთ საქმეს.

გარდა ამისა, მან, ვინც ამ ზეწოლის განმახორციელებელი, ავტორი, ინიციატორი, ან რეალიზატორია, თითქოსდა შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, როგორც საქმის შიგნიდან მაყურებლის და თანამონაწილისა, ბატონი ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს. შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ აუცილებლად ბოლოში გავალთ. არაერთი პროგრესი და განვითარებაა ამ საქმის ირგვლივ ისეთი, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს და მოშურნეს, არაობიექტურს კი მოუწევს გაწბილება იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ევროკავშირის პარლამენტმა გუშინ, 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქი“ დესტრუქციულ როლს ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს იმ „კონტროლის დონის“ გამო, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის „ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე“. ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც „განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]