წაქაძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ ტილო 2016 წელს საქართველოში იყიდა.
„იოსებ სტალინის შვილიშვილი ამერიკაში მხატვარია. ისიც ჯუღაშვილია, ოღონდ რასაც ხატავს, ყველაფერს იოსებ სტალინს აწერს. იმის ნახატია და არა დიდი სტალინის - ის როდის იყო მხატვარი?! ჩემს ნახატზეც ასეთივე ხელმოწერაა. როდესაც სახლი ავაშენე - მე თვითონ მშენებელი ვარ, ბიზნესმენი ვარ 20 წელია - ბევრი ტილო ვიყიდე. ძალიან ლამაზი თაიგულია. მოუხდა იმ ადგილს და აქ მიკიდია, ინგოროყვაზე. გაარკვიეთ ხალხი. ჯერ ერთი, გინდ სტალინს ვიყიდი და გინდ ბრეჟნევს, რა მნიშვნელობა აქვს?! სტალინის სურათი კი არ მიკიდია სახლში, თაიგულია, რომელიც ძალიან დიდ ფორმატზეა დახატული“, – ამბობს წაქაძე.
დღეს „აი, ფაქტმა“ ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბეჟან წაქაძემ სტალინის მიერ შესრულებული ფერწერული ტილო შეიძინა. დეკლარაციაში ნახატის გასწვრივ მითითებულია „ი.ჯუღაშვილი (ი.სტალინი)“.
ბეჟან წაქაძეს 2013-2019 წლებში 676 500 ლარად რვა ფერწერული ტილო აქვს შეძენილი. ყველაზე ძვირი – 165 000 ლარი მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს „პრინცესაში“ გადაიხადა.