weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სუბარი: მაშინ, შეიძლება დაისვას კითხვა, დსთ-ში შევიდეთ თუ ნეიტრალიტეტი გამოვაცხადოთ

18:56 სამშაბათი, 14 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, სოზარ სუბარი გამოეხმაურა გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია სავარაუდოდ რეკომენდაციას გაუწევს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, სტატუსს მოლდოვაც მიიღებს, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.

„გავეცანი Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ძალიან მიკვირს. ჟურნალისტი ამბობს რომ მას აქვს შიდა ინფორმაცია ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებისგან. თუ მართლა ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს არა მხოლოდ გაუგებარი, არამედ არასამართლიანიც იქნება.

მაშინ, მართლა შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა, რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან, თუ როგორც NATO-სთან დაკავშირებით აქვს მოლდოვას, გამოვაცხადოთ ნეიტრალური სტატუსი?“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ობიექტური კრიტერიუმებით ამას იმსახურებს.

„თუ ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინა ევროკავშირში წევრობისთვის და ევროპული ღირებულებების დაცვისთვის ძალიან დიდი მსხვერპლს იხდის, დიახ, ვეთანხმები, ეს არის სიმართლე და სამწუხარო რეალობა. ეს ფასი საქართველომაც გადაიხადა და დღესაც ვიხდით - ეს არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, სამი ომი, ჩვენი გარდაცვლილი არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ჯარისკაცები, დანგრეული ქალაქები და სოფლები. თუ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობა გარკვეული რეფორმების გატარებას და კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოითხოვს, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ამ კრიტერიუმებით გაცილებით წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებას ომის გაჩერება შეუძლია, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი, რომ სტატუსი უკრაინამ პირველ რიგში მიიღოს, თუმცა არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ომის შეჩერების წინაპირობა იყოს. ხოლო თუ ამის წინაპირობა არ არის, საქართველოს გამორჩევა სწორი არ იქნებოდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]