weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე – ზურაბიშვილი

21:28 სამშაბათი, 14 ივნისი 2022

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ, რომელიც ერთი წლის წინ ასოცირებული ტრიოს (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მოწინავე ქვეყანა იყო, ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.

დღევანდელ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ბრიუსელში, სადაც ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა, საკმაოდ დამძიმებული სურათი დახვდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე“, საფრანგეთსა და პოლონეთში ჩასვლასაც აპირებდა, რაზეც მთავრობასთან ზეპირი კომუნიკაცია ჰქონდა.

„აქ არ დავწვრილმანდები პროცედურული საკითხებით. ამ შემთხვევაში წერილობითი სახით არც მოთხოვნა ყოფილა და არც პასუხი. ეს მოხდა ზეპირად, რამეთუ საჩქარო იყო საქმე, მაგრამ „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების“ ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც, ჩემი აზრით, ქვეყნის ინტერესში იქნებოდა.

ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისის ასოცირების ტრიოს ბათუმის დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი, იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, „გაფუჭებული საქმე“ სხვადასხვა კუთხით გამოვლინდა და მათ შორის პირველი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაა.

„ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში. ეს ეხება ევროპარლამენტის ყველა პარტიას, თავის მხრივ, ოპოზიცია მუშაობდა თავისი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხმყოფელი პასუხები სერიოზულ კითხვებზე, შედეგიც მიიღო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირის მიერ მიღებული რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების დაანონსება.

„საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში, ეს რეზოლუცია მხოლოდ ერთვარი გაღიზიანების გამოვლენაა, ზოგი კი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. ეს არ წარმოადგენს არც გადაწყვეტილებას და არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს. სიმართლეს ასევე არ წარმოადგენს განაცხადი, რომ უკვე იყოს დაწესებული რაიმე ფორმის სანქციები. ეს ბუნდოვანება ემსახურება იმას, რომ გადაიფაროს მათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ყველაფერი არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის აერიდებინა თავიდან. ამ დანაშაულზე კონსპირაციული თეორიებით და ანტიევროპული განცხადებები მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა.

მმართველი პარტიის დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა ჩემზე გადაბრალება, ვითომ მე დავსვი რაღაც ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ, მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საკითხს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]