weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ვიმუქრებით ფარდას ავხდითო, მაგრამ ფარდა რომ ჩვენზეა ახდილი ეს უნდა გვადარდებდეს – პრეზიდენტი

22:33 სამშაბათი, 14 ივნისი 2022

„ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს, მგონი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატურის საკითხში საქართველოს ადგილის უკან დახევა საქართველოს ხელისუფლების და ნაწილობრივ ოპოზიციის ქმედებების, „პოლიტიკური ნაბიჯების ან არ გადადგმული ნაბიჯების“ შედეგია.

სალომე ზურაბიშვილმა ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლების გადადგა, მას შემდეგ 2021 წლის 19 ივლისს, ბათუმში, პეტრას ციხეზე, სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი:

„ამის შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილებები: პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება – კაცი ჩამოვიდა 19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადეთ ანულირება; 5 ივლისის საქმეზე არაშედეგიანი გადაწყვეტილებები, ქმედითი გადაწყვეტილებების არ მიღება; 74 მილიონიან ევროკავშირის სესხზე ისე უარის თქმა, რომ „ჩვენ ეს არ გვჭირდება, რაში გვჭირდება“; უარის თქვა გენპროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკვშირებით, რომელიც ასევე უკავშირდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს; სექტემბერში –გავრცელებული მიყურადების ფირები; ნოემბერში – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა; ნოემბერში – ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და მანდატის გაგრძელების წესის შეცვლა; დეკემბერში – უზენაეს სასამართლოში დაჩქარებული წესით ოთხი მოსამართლის დანიშვნა მაშინ, როცა გვთხოვდნენ, პირიქით, ამის დროებით შეჩერებას; დეკემბერში კიდევ სასწაული – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გაუფრთხილებლად და ესეც აჩქარებული წესით;

გვარამიას უდროო და სასჯელის მძიმე ფორმით დაკავება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მე კი მითხრეს, რომ სასამართლოს დროულობა არ ახასიათებს, მაგრამ პოლიტიკას – კი და ჩვენ თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ.

დაბოლოს, ახლა, აჩქარებული წესით, მიყურადების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეს ნაბიჯები გარედან იკითხება ისე, თითქოს საქართველოს დიდად მნიშვნელობას არ ანიჭებს ევროკავშირის რეაქციებს, არ აჩვენებს პოლიტიკურ ნებას, ამ მიმართულები იაროს და „შეიძლება სხვა რამე გვაინტერესებდეს“.

„უმოქმედობაც არ დაგვაკლდა ამ რაღაც ქმედებების გვერდით. არჩევნების მერე და კოვიდის შემსუბუქების შემდგომ, მაღალი დონის ვიზიტები რომელიმე წამყვან ევროპულ ქვეყანაში – გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი ან კიდევ დიდი ბრიტანეთი არ ყოფილა ხელისუფლების, მთავრობის მხრიდან – არც კანდასა და აშშ-ში. მაღალო დონის ევროპული ვიზიტორების რაოდენობა ჩვენთან შესამჩნევად შემცირდა. ესეც ხომ რაღაცის მაჩვენებელი უნდა იყოს და დავფიქრდეთ?

ამავე დროს, ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით: სამივე ბალტიის ქვეყანა, რომლებიც ტრადიციულად ჩვენი მთავარი მოკავშირეები იყვნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, პოლონეთი, რომელიც ესოდენ ჩართულია და ეხმარება უკრაინას და უკრაინა; თვითონ შარლ მიშელი, რომელიც სამჯერ ჩამოვიდა და გვევლინებოდა როგორც ერთ-ერთი ინსტიტუციური მხარდამჭერი, მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, ჩვენს გვერდით დადგეს, რადგან მიუბრუნდებიან და ეტყვიან, რომ – თქვენივე დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერთ მხარს.

ასევე, გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტია, ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი. დღეს ერთგვარად კიდევაც ვიმუქრებით, „თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო“. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს, მგონი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 11 ივნისს განაცხადა, რომ თუ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება „უსამართლო და შეურაცხმყოფელი“ იქნება, ყველაფერს „ფარდას ახდის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]