weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელისუფლების შეცდომებიდან ხალხის გადართვა – პრეზიდენტი „იმედის“ დაკვეთილ კვლევაზე

23:31 სამშაბათი, 14 ივნისი 2022

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეორე ფრონტის თემა მოგონილია და ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს. ამ კონტექსტში ზურაბიშვილი გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის ფარგლებშიც რესპოდენტებს ჰკითხეს: „თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?“.

პრეზიდენტის შეფასებით, „გორბის“ კვლევა გამიზნულია შიდა მოხმარებისთვის, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომებიდან გადაერთოს.

„არცერთი ჩვენი პარტნიორი და მე ვარ ერთადერთი, ვინც ვიყავი ამერიკაშიც, ევროპაშიც და რომელსაც ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები, ღია შეხვედრები იმ კუთხით, რომ რაღაცებს მეუბნებიან, რასაც სხვებს შეიძლება, არ ეუბნებიან – არსად, არც ერთხელ, არასოდეს, არანაირი მოწოდება არ ყოფილა, რომ აბა, თქვენ სადა ხართ, რატომ არ არის მეორე ფრონტი და რას აპირებთ. მოდით და თქვენც მიიღეთ მონაწილეობა – ეს არ არსებობს, არის მოგონილი, არის ტყუილი და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი, საიდანაც, მართალი არის, გაისმა ეს მეორე ფრონტის იდეა, მოდის უკრაინის ხელისუფლების რაღაც წრეებიდან, სადაც არის, ესეც ვიცით, რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ომში მყოფ უკრაინას შეიძლება, გაუჩნდეს რაღაც მომენტში იმის მოთხოვნა, რომ აბა, ვიღაცა სხვა, სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი და ამის ძახილი შეიძლება, იყოს, ამას არც უნდა ვუპასუხოთ, არც უნდა შევიდეთ პოლემიკაში.

ჩვენ ვიცით, მე თვითონ გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს, რამეთუ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენ მოსახლეობას იქ და ვცადოთ, რომ ომით გადავწყვიტოთ ის, რაც ჩვენ გვინდა შერიგებით, გაერთიანებით გადავწყვიტოთ მომავალში.

არ არის ჩვენთვის ეს სცენარი შესაძლებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს თემა უნდა განვავითაროთ თვით ქვეყანაში და ამ თემით შევაშინოთ მოსახლეობა, მოსახლეობა, რომელიც უყურებს ყოველდღიურად თავის ეკრანებზე, თუ რა ხდება უკრაინაში და ვუთხრათ, რომ შენი არჩევანი არის ან ეს შენც მოგივიდეს ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოსთხოვო.

ეს არის ფორმა, რითაც ხელისუფლება ზოგჯერ ცდილობს, რომ თავისი მოსახლეობა რაღაცა წნეხის ქვეშ მოაქციოს. არ არსებობს ეს მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე, „გორბის“ კითხვები ამ კუთხით აბსურდულია. ნებისმიერ ქვეყანაში, მე ამასაც ვიტყვი, ევროპისა თუ ამერიკის, ასე რომ იყოს დასმული კითხვა, ყველა უპასუხებს, რომ არ მინდა ომი. ვის უნდა? უკრაინელებს უნდოდათ? ეს არის შიდა მოხმარებისთვის გამიზნული, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომებიდან გადაერთოს და საკუთარ ბედზე, უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია. ან კიდევ სხვა ახსნა აქვს ამას, მაგრამ მირჩევნია, არ გავყვე ამ აზრებს. ეს ხომ არ არის იმისთვის, რომ სხვას ვასიამოვნოთ, გავუგოროთ, ამ ვპასუხობ ამ კითხვაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, შეკითხვაზე - თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია, რესპონდენტთა 83,6%-მა თქვა, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ომში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]