ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ეთერში თქვა, რომ ტელეკომპანიები - „მთავარი“, „ფორმულა“ და „პირველი“ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფინანსდება „შავი ფულით“.
„ხალხისგან ნაძარცვი ფულით, სისხლიანი ფულით აფინანსებს სამივე ტელევიზიას. „ფორმულას“ აფინანსებს კეზერაშვილი, პირდაპირ; „მთავარს აფინანსებს „ნაცმოძრაობა“, მათ შორის, [კობა] ნაყოფია და კეზერაშვილიც ეხმარება ხოლმე პერიოდულად; „ტვ პირველის“ შემთხვევაში, ასევე „ნაცმოძრაობაა“ წყარო.
ამასთან დაკავშირებით ვიცით ფაქტები, მათ შორის, ვის, როდის, რა კონვერტი ჩამოუტანეს და ა.შ., „შავი ფული“, ეს ყველაფერი ვიცით. მაგალითად, „ჭუტას“ რა ფული მისცეს, გრიგოლიას რა ფული მისცეს და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვას, ადგილი აქვს თუ არა კრიმინალს, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ ყველაფერს კვალიფიკაციას ვერ მისცემს.
„მათ შორის, ხელფასები რომ კონვერტებით რიგდება შეიძლება ესეც კრიმინალია, მაგრამ მე ამაში ვერ ჩავერევი. არის, მოძრაობს „შავი ფული“ და ეს არის ნაძარცვი ფული, ანუ 2004-2012 წლებში ხალხს რაც მოპარეს, ყაჩაღურად რაც მიითვისეს კეზერაშვილმა, სააკაშვილმა, „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებმა, ის ფული ტრიალებს ახლა ამ ტელევიზიებში. 25 მილიონი ლარია ამ სამი ტელევიზიის სარეკლამო შემოსავალი, ხარჯები დაახლოებით სამჯერ მეტია. საიდან ფინანსდება? „ნაცმოძრაობის“ მიერ. ამიტომ არის სამივე „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზია.
შესაძლოა ეს არის საგადასახადო დანაშაული. ამას კვალიფიკაციას ვერ მივცემ. ეს არის საგამოძიებო ორგანოების საქმე. ამას ემატება ისიც, რომ მერე შეიძლება ფოტიგას და ვიოლა ფონ კრამონს, ისევ გაუჩნდეთ კითხვები.
აქ რომ შევიდეს საგამოძიებო ორგანო, ისევ გაჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ოპოზიციური არხების საქმიანობით დაინტერესდა სამართალდამცავი ორგანო. პოლიტიკური კონტექსტი არაფერ კავშირში არ არის იმ გამოძიებებთან, რომლებიც დაწყებული თუ დასრულებულია ამ ადამიანების მიმართ. ეს ადამიანები კრიმინალები არიან და მედია მათთვის საშუალებაა დაფარონ საკუთარი კრიმინალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
9 ივნისს, ევროპარლამენტმა 308 წევრის მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორისთვის პატიმრობის მისჯა საქართველოში განიხილება როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობა. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ საქმეებია აღძრული სხვა კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან მათი ოჯახის წევრების მიმართაც, კერძოდ, დავით კეზერაშვილისა და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის წინააღმდეგ. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევის, ან მედიის მფლობელების ან წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებისგან.