weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ყველგან წავიდეთ, სადაც ევროინტეგრაციისკენ მოწოდება იქნება – სახალხო დამცველი

14:14 ოთხშაბათი, 15 ივნისი 2022

„ზოგადად, ვფიქრობ, რომ ახლა ნამდვილად არ არის დრო, საზოგადოება დაიყოს და კიდევ უფრო გაიყოს სხვადახვა საკითხების გარშემო“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 16 და 20 ივნისს დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით.

ლომჯარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, მივიდნენ ყველა აქციაზე, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით გაიმართება.

„ყველა შესაძლებლობა საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს, მით უმეტეს, ჯერ იქნება კომისიის დასკვნა, როგორც ვიცი 17 ივნისს, ამის შემდეგ იქნება უფრო მნიშვნელოვანი - საბჭოს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხელს არ უშლის. შეიძლება უფრო მეტი შეკრებაც გახდეს საჭირო.

ვფიქრობ, რომ დღეს არის ის მომენტი, როდესაც საზოგადოებამ არ უნდა დაიზაროს თავისი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა არცერთ ფორმატში.

ვემხრობი, რომ ყველგან წავიდეთ, სადაც იქნება მოწოდება ევროპასთან უფრო მეტი ინტეგრაციის შესახებ. ხვალ შეიძლება, წავიდე. ახლა ვერ გეტყვით ჩემი პირადი გეგმები ხვალ რა იქნება, მაგრამ ზოგადად, მხარს ვუჭერ ყველა აქციას, რაც ამ მოთხოვნით ჩატარდება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

სახალხო დამცველის თქმით, ამ აქციებით მოქალაქეებმა ხელისუფლებასაც უნდა დაანახონ, რომ „ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც ევროპასთან დაგვაახლოებს“.

გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს, თბილისში, რიყეზე შეკრების ინიციატივით გამოვიდა. „დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის - „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებსაც მიმართა, იფიქრონ მის გადადებაზე.

„ახლა, ჩემი აზრით, არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის. ამავდროულად ვაფრთხილებ ხელისუფლებას რაღაც განცხადებების შემდეგ, რომ თუ მაინც ჩატარდა და ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მე შემიძლია მივმართო მხოლოდ თხოვნით - თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქმნება რამეთუ დემონსტრირების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

20 ივნისს აქცია მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააანონსა და მას პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან. „სირცხვილიას“ შეფასებით, წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს.

„ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას „შინ ევროპისკენ“, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება. ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ“, – ასე უპასუხა პრეზიდენტს „სირცხვილიამ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]