ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 20 ივნისი ორმაგი დატვირთვის მატარებელია.
„20 ივნისის აქციაზე „ვერ“ არა, „არ“ ვიქნებით და ამას არ ვამბობ ნიშნისმოგებით. ჩემი პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იქ მივლენ და გულწრფელ პროტესტს გამოხატავენ. მე ვფიქრობ, თარიღი არასწორად იქნა შერჩეული, ვინაიდან, მათ შორის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის 20 ივნისი ორმაგი დატვირთვის მატარებელია.
ვიღაცები მხოლოდ ცალმხრივ სურათს ხედავენ და 20 ივნისს სუბიექტურად აფასებენ, ჩემი აზრით და ვიღაცებისთვის ეს გულწრფელი პროტესტის ღამესთან ერთად არის პარლამენტზე შტურმის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ღამე“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, ევროპისკენ გზა ვერ გავა იმ დღის სიმბოლიზებაზე, რომელსაც „პარლამენტზე შტურმის“ დატვირთვაც აქვს.
„შტურმს არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. რა თქმა უნდა, პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია. ვიღაცა ამას 20 ივნისს აქციაზე მისვლით გამოხატავს, ვიღაც საქმით“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
პარტიის კიდევ ერთი წევრის, მიხეილ დაუშვილის თქმით, მისი პარტიის ნომერ პირველი ამოცანა პარტნიორებთან მუშაობაა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„ჩვენ არცერთ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ“, – თქვა დაუშვილმა.
20 ივნისს აქცია „შინ ევროპისკენ“ მოძრაობა „სირცხვილიამ“ დაანონსა და მას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან, ხოლო 16 ივნისს შეკრების ინიციატივით გუშინ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა.