weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გამოდის, გიგაური და ლომჯარია რუსეთის აგენტები ყოფილან – კობახიძე დეგნანის განცხადებაზე

16:53 ოთხშაბათი, 15 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასამათვრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედია „მეორე ფრონტის შესახებ აზრის მომწიფებაში“ დაადანაშაულა.

დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს და არც აშშ-ის, არც ევროპის მხრიდან ამისკენ მოწოდება არ ყოფილა.

„აქ მაქვს ყველა ის ციტატა, რომელიც უკავშირდება ომის პროპაგანდას რადიკალური ოპოზიციის, NGO-ების, მათი ტელევიზიების მხრიდან - დაახლოებით 10 გვერდზეა გაწერილი ეს განცხადებები. ერთ-ერთი არის ეკა გიგაურის განცხადება. ციტატა: „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“. ეს არის ციტატა და ახლა ამბობს, რომ სხვა რამეს ამბობდა. პირდაპირ აზრის მომწიფების მცდელობა იყო ის, რასაც ამბობდნენ გიგაური, უსუფაშვილი, მაგრგველაშვილი, ჭიაბერაშვილი... მედიასაშუალებები პირდაპირ ხსნიდნენ იმას, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ცხინვალის და სოხუმის აღება. ეს იყო მათი რიტორიკა, აზრის მომწიფების მცდელობა, რაც ჩაუვარდათ. ახლა გასაგებია, რომ გიგაური უკან იხევს, იმიტომ, რომ არ გამოუვიდა აზრის მომწიფება, თუმცა საზოგადოებას აბსოლუტურად ყველაფერი ახსოვს“, – თქვა კობახიძემ.

„ქართული ონცების“ თავმჯდომარეს ჰკითხეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შესახებაც, რომლის მიხედვითაც „100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს“.

„თუ ეს რუსული დეზინფორმაციაა, მაშინ გამოდის, რომ მაგალითად, აქ მაქვს გიგაურის განცხადება, ლომჯარიას განცხადება, უსუფაშვილის განცხადება, მარგველაშვილის განცხადება, ჭიაბერაშვილის განცხადება, ვახო სანაიას განცხადება, კონკრეტულ მედიაში გაშვებული სიუჟეტი, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება და ა.შ. გამოდის, რომ ესენი ყველანი ყოფილან რუსეთის აგენტები.

ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველომ ამ შანსით უნდა ისარგებლოს და ამწიფებენ ამ აზრს. ისინი ფინანსდებიან, მათი ნაწილი, NGO-ები, იმ წყაროებიდან, რაც ამ ეჭვებს მერე აღრმავებს. რაც სამწუხარო მოვლენაა. აქედან გამომდინარე,

ნაცვლად ზოგადი განცხადებების გაკეთებისა, სასურველი იქნებოდა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ეთქვათ, რომ ემიჯნებიან, მაგალითად, გიგაურის განცხადებას, ლომჯარიას განცხადებას, უსუფაშვილის, მარგველაშვილის განცხადებას და ა.შ. ჩვენ უნდა მოვისმინოთ ასეთი განცხადებები დიპლომატების მხრიდან და ასეთ შემთხვევაში, მერწმუნეთ, არავის ექნება იმის საბაბი, რომ ისაუბროს ასეთ ინტერესებზე.

ლოგიკური ჯაჭვი არსებობს ხომ? - ეკა გიგაურის ეს განცხადება ვიღაცას აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ დასავლეთია დაინტერესებული მეორე ფრონტით. გიგაური როდესაც ამას ამბობს... 20 წელია, ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე NGO-ს ხელმძღვანელი და იღებს დაფინანსებას ერთი და იგივე წყაროდან, ხომ? როდესაც გიგაური ამას ამბობს, მერე ეს ვიღაცისგან მიეწერება, რა თქმა უნდა, დასავლელ პარტნიორებს. ამიტომ, როდესაც გიგაური ამას ამბობს, იქ მნიშვნელოვანია მოხდეს ასეთი განცხადების უარყოფა მყისიერად.

როდესაც უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ჭიაბერაშვილი და სხვები ამ განცხადებებს აკეთებენ და მერე „სელფებს“ იღებენ უცხოელ დიპლომატებთან თუ პარტნიორებთან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს გამიჯვნა ასეთი განცხადებებიდან.

როდესაც ვიღაცები ცდილობენ მოამწიფონ აზრი მეორე ფრონტის შესახებ და ამას არავინ ემიჯნება, ეს რა თქმა უნდა, აჩენს გარკვეულ საფუძველს და საბაბს. თუ გაემიჯნებიან, მერწმუნეთ, ვიღაც ექსპერტებს აღარ ექნებათ საბაბი, რომ ასეთ ვერსიებზე ისაუბრონ. ახლა ისინი თვითონ ქმნიან საბაბს, რომ ექსპერტები ალაპარაკონ დასავლეთის ინტერესზე მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]