წულუკიანის თქმით, ბრიფინგზე ბევრი უსამართლობა და ფაქტობრივი შეცდომა იყო.
„მე ვამბობ, ისეთ რაღაცებსაც, რასაც ვიტყოდი გადამდგარი ჩინოვნიკი რომ ვიყო, ამ ქვეყნის შვილი. არ მოგვეწონა, რომ მან ძალიან ბევრი უსამართლო დარტყმა განახორციელა მთავრობაზე, მაშინ, როდესაც შეგვახსენა ტრადიციები.
თუ ტრადიციებზე მიდგა საქმე, მე ასეთი ქართული ტრადიცია ვიცი, რომ წინა თაობის წარმომადგენელი, ის 70 წლის ქალბატონი გახლავთ, ჩვენზე ბევრად გამოცდილი და ჩვენზე ბევრად წინ მყოფი ბევრი რაღაცის გამო, თუნდაც ასაკით. მე ასეთი ქართული ტრადიცია მახსოვს, რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო.
მე მოველოდი სულ სხვა რაღაცას წინ მყოფი კაცისგან, რომ მისი შვილის ასაკის მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრისთვის ხიდი ყოფილიყო. პირიქით, მოტრიალდა და გვესროლა, მაგრამ ეს ტყვია ჩვენ არ მოგვხვდა, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის. ეს მოხვდა იმ საქმეს, რომლისთვისაც ის ცდილობდა ჩვენს გაერთიანებას, ანუ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას და ამით პირდაპირ დაჯდა ოპოზიციის დესტრუქციულ ნარატივზე.
მადლიერებაა ქართული ტრადიციის ერთ-ერთი დიდი სვეტი. ბევრი სხვა რამ. ამიტომ თუ რაიმე მოიტანა ამ ბრიფინგმა, არის მისი პოზიციის შესუსტება, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება, საზოგადოების კიდევ უფრო დახლეჩა და რაც ყველაზე მტკივნეულია, ქვეყნის იმ შანსის, რომლესაც მან მცირე, მაგრამ რეალური შანსი დაარქვა, მისი გაცამტვერების მცდელობა“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ყველა სიტყვა მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანა არ იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე.
„მიზანი რა იყო, არ ვიცი. მხოლოდ ვვარაუდობ. შედეგი ძალიან მძიმეა. მე შემჩნეული ვარ იმაში, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ქალბატონი სალომე და სულ, როცა ამის შესაძლებლობა მაქვს, მგონია, რომ უკეთესად მესმის მისი, ვიდრე, შეიძლება, ვთქვათ, საფრანგეთში არ ჩავლილ ადამიანს ესმოდეს და ვცდილობ, რომ უკეთესად ვიყო მისი მოკავშირეც, ინტერპრეტატორიც, მაგრამ ეს ბრიფინგი არანაირი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა“, – აღნიშნა წულუკიანმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგად, ერთი წლის განმავლობაში საქართველო ასოცირებული ტრიოს მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.