weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ზურაბიშვილი: აქციის ორგანიზაცია არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას

23:05 ხუთშაბათი, 16 ივნისი 2022

„ჩემთვის ორგანიზაცია არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას, აქტივისტების თავმოყრას და ასე შემდეგ. ვთქვი გარკვევით, რომ ეს არ არის შეკრება პოლიტიკური პარტიებისთვის. ეს არის თავისუფალი ადამიანების შეხვედრა იმისთვის, რომ ვთქვათ, როგორი მომავალი გვინდა ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ აქციაზე.

რიყეზე გამართულ აქციას, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ორი დღის წინ დააანონსა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მცირე ნაწილი, საელჩოების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციაზე „ქართული ოცნების“ წევრები არ მივიდნენ იმ საბაბით, რომ ის „არაორგანიზებული“ იყო.

„ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაც პარტიული შეხვედრები.

აქ არიან მოქალაქეები, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოხატონ, რომ გვჯერა, საქართველოს ბედი, საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ერთმანეთისთვის წყნარდ. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. მე აქ არ ვარ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად, ხან ერთ მხარეს, ხან მეორეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ ან არ უნდა, აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ, მაგრამ დღეს, აქ, არ ვარ პრეზიდენტი. მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე, სანამ შევძლებ, სადაც ვარ, იმ ადგილიდან და შემდგომ სხვა ადგილიდან, თუ საჭირო გახდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეკითხვაზე, მივა თუ არა 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე, მან უპასუხა, რომ „პოლიტიკურ შეხვედრებზე“ არ დადის.

„სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა ერთზე და არა მეორეზე და მესამეზე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

აქცია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების განაცხადზე ევროკომისიის დასკვნის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, კომისიის დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება.

„გადაწყვეტილება იქნება შემდგომ, 23-24 ივნისს ევროპულ საბჭოში. მე თუ გამოვედი სიტყვით, მე თუ გამოვედი აქ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მთლად ასეთი ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს იმ შედეგებთან მიმართებით. თუმცა, მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს იქ, სადაც მოსახლეობას უნდა და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დიდი პასუხისმგებლობაა ხელისუფლების, რომელმაც ნაბიჯები უნდა გადადგას და ალბათ, ხვალინდელი რეკომენდაციები ალბათ გვაჩვენებს, რა მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი. ცხადია, ეს პირველ რიგში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]