weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

EU-ის 12 პირობა საქართველოსთვის: დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა, მედია

16:38 პარასკევი, 17 ივნისი 2022

ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭოს, რაც გარკვეულ პირობებს შეასრულებს. საქართველოს განაცხადზე კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში, პრიორიტეტებს შორის დასახელებულია პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.

ევროკომისიის პირობების სრული ჩამონათვალი ასეთია:

  1. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად;
  2. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულად ფუნქციონირების, მათი დამოუკიდებლობის გაძლიერების და ეფექტური ანგარიშვალდებულების გარანტირება. საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესება OSCE/ODIHR-ის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ ამ პროცესებში გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრით;
  3. ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული კონსულტაციების შედეგად გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება; სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, ასევე, ხელისუფლების დანაწილების დაცვა. მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის განხორციელება და უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
  4. ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერება ყველა ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანებით, მაღალი დონის კორუფციის საქმეების მკაცრი განხილვის მიზნით. ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
  5. „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულების შესრულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრით;
  6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება. სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების და ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
  7. უფრო ძლიერი ძალისხმევის გაწევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის ფაქტებზე;
  8. სწრაფი ნაბიჯები გადადგას მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის, ძალადობაში დამნაშავეების და წამქეზებლების პასუხისგებაში უფრო ეფექტურად მიცემის გზით;
  9. განსაკუთრებით გაზარდოს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით;
  10. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ყზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;
  11. კანონმდებლობის მიღება, რათა საქართველოს სასამართლოებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები მათ მსჯელობებში;
  12. ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოფილი იყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და 2022 წლის ბოლოსთვის საკუთარ ანგარიშს წარადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]