weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

14 წლის წინ დაღვრილ სისხლს სამწუხაროდ უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული – კობახიძე

17:17 პარასკევი, 17 ივნისი 2022

„ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის დღევანდელ დასკვნასთან დაკავშირებით.

კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიცემა უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდება.

„როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე ორი წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ასევე, საქართველომ უკრაინაზე ოთხი და მოლდოვაზე ორი წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, უკრაინაზე სამი და მოლდოვაზე ორი წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მოლდოვაზე სამი წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ანალოგიურად, საქართველომ უკრაინაზე სამი წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების შესახებ, თუმცა, ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის, გარკვეულწილად, მაინც , რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს, უკრაინისგან და თუნდაც, მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია.

გვესმის, რომ 14 და მით უმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 ათას დევნილს დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ევროპული საბჭო უახლოეს მომავალში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, თუმცა, ძალიან მაღალი ალბათობით, საბჭოს გადაწყვეტილება კომისიის დასკვნასთან იქნება თანხვედრაში.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველა გაზომვადი პარამეტრით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას – იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო შესრულება. თუმცა, ისიც გვესმის, რომ ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა“, – თქვა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის თითოეულ წარმომადგენელს, რომელმაც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]