weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

სააკაშვილი ციხეში ზის და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა – კობახიძე

18:01 პარასკევი, 17 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ევროკომისიის დასკვნის იმ ნაწილში, სადაც დეოლიგარქიზაციაა ნახსენები, ბიძინა ივანიშვილი არ იგულისხმება.

„ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ეს ვერ იქნებოდა ნაგულისხმები და არც არის, ბუნებრივია. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი, თავისი კონკრეტული წარსულით და გარდა ბიზნესმენისა, ის არის ფილანტროპი, ქველმოქმედი და გარდა ამისა, 2012 წელს მან დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში აქ საუბარი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე“, – განაცხადა კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მან ოლიგარქად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოიხსენია და თქვა, რომ მისი პატიმრობით დეოლიგაქრქიზაციისკენ ნაბიჯი უკვე გადადგმულია.

„ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილია ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი. შეგახსენებთ, რომ დღეს ის ციხეში ზის და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა.

მან, პრინციპში, თავისი ნებით გააკეთა ეს ყველაფერი და თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. ეს ერთი. მეორე – კეზერაშვილი, რომელზეც ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ყველა საკითხს შევეხებით ბუნებრივია. ოლიგარქების დასრულება არის, ბუნებრივია, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა“, – თქვა კობახიძემ.

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადზე ევროკამისიამ საკუთარი დასკვნა დღეს გამოაქვეყნა. კომისია ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციას არ აძლევს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს და მიიჩნევს, რომ ეს მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც საქართველო გარკვეულ პირობებს შეასრულებს. 12 პირობას შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციაა.

დღეს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სწორედ დეოლიგარქიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გამო შეაქო უკრაინა.

„უკრაინამ მიიღო გაბედული კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ, კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ფაქტობრივად, ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. კარგია. ახლა განხორციელების დროა და გვინდა შედეგი ვიხილოთ“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინჭებას მხარს უჭერს.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს „ერთადერთ“ ოლიგარქად არის მოხსენიებული რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო და რომლიც ივანიშვილისთვის სანქცირების საკითხის განხილვისკენ მოწოდებას შეიცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]