აქციის მონაწილეებს მწერლებმა, მსახიობებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტის წევრებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და სტუდენტებმა მიმართეს.
„დღევანდელი დღე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არის უნიკალური დღე ჩვენს ისტორიაში. იმ საფრთხეებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, ბოლოს ასეთი მნიშვნელობის მიტინგი 1989 წელს იყო.
ეროვნული მოძრაობის დროს არ იყო პარტიული განსხვავებები და არსებობდა დიდი იდეა, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა ერქვა. დღეს ჩვენ, ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ვართ ერთიანები, რომ საქართველო უნდა გადარჩეს და გადარჩეს ევროპულ სივრცეში, არა რუსულ სივრცეში“, – განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ და აღნიშნა, რომ დღევანდელი აქცია „გადამწყვეტი ბრძოლის“ დასაწყისია.
ბუღაძის თქმით, „ივანიშვილის ხელისუფლება“ საბოტაჟს უწყობს საქართველოს ევროპულ მომავალს: „გამოსავალი არის ორი: ან ჩვენ ამ პროცესით ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ ეს ვალდებულებები აღასრულოს, ან ჩვენ წინაშე ერთხელ და სამუდამოდ დაიკეტება ცივილიზაციის კარი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ მოიპოვოს კუთვნილი ადგილი დემოკრატიის, თავისუფლების და ცივილიზაციის სივრცეში“.
ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ წინ არის 6 თვე, როდესაც ქართველმა ხალხმა უნდა „დაასრულოს ოლიგარქია“, შეცვალოს ხელისუფლება და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები.
„ავირჩიოთ კოალიციური მთავრობა და მივუბრუნდეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ვუთხრათ მათ, რომ საქართველო არის ღირსი იყოს ევროპული ოჯახის წევრი, რომ საქართველომ შეასრულა მათი მთავარი გზავნილი - საქართველო ოლიგარქის გარეშე. დიახ, ოლიგარქი ძლიერია, მას აქვს ბევრი ფული, ის აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს და მათ ჰგონიათ, რომ ეს შეუცვლელია, მაგრამ ყველა ოლიგარქი და ავტოკრატი ასე ფიქრობდა, მაგრამ ხალხის წინაშე ყველა უძლურია, რადგან ხალხის ხმა და რაოდენობა არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.
ათვლა დაწყებულია კვირებით და ყოველ კვირა მთავარი იქნება ქუჩის დაუღალავი, შეუპოვარი, ორგანიზებული პროტესტი. ჩვენ მხარეს არის სიმართლე და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – თქვა ქადაგიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან მცირე, 6-თვიანი ვადა აქვს ევროპასთან დასაახლოებლად.
„ევროპამ გვითხრა, რომ ჩვენ არ ვენდობით საქართველოს მთავრობას, მაგრამ ჩვენ ვენდობით ქართველ ხალხს.
ქართველი ხალხის ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრები, რომ ამ ქვეყანაში აღარ გვყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც არ იზრუნებს ჩვენზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, იმაზე, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი. დღეს, სამწუხაროდ, ასეთი მთავრობა გვყავს. ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ თითოეულ პოლიტიკოსს, ვის ხელშიც არის გადაწყვეტილებები იმოქმედონ და გადადგან ნაბიჯი ევროპისკენ, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ“, – განაცხადა გიგაურმა.
აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობის - „სირცხვლიას“ წევრებმა კიდევ ერთი აქცია დააანონსეს 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ევროსაბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ყველაფერი გაკეთოს იმისთვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს დაახლოება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.
ის, რაც გააფუჭა საქართველოს ხელისუფლებამ, დღეს კიდევ ერთხელ გამოასწორა ქართველმა ხალხმა.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება დაარღვევს კონსტიტუციას, საქართველოს ხალხს ყველა უფლება აქვს, უთხრას მას, რომ არალეგიტიმურია“, – განაცხადა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა.
აქციის ორგანიზატორებმა ევროსაბჭოსადმი მიმართვაც წაიკითხეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.