weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გუშინ ვნახე დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი გამოხატვა პროევროპული არჩევანისა – ჰარცელი

15:32 სამშაბათი, 21 ივნისი 2022

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი თბილისში გუშინ გამართულ აქციას „შინ ევროპისკენ“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს პროევროპული არჩევანის „ღირსეული გამოხატვა“ იხილა.

„მე გუშინ ვნახე დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი გამოხატვა საქართველოს პროევროპული არჩევანისა. გუშინ მე მოვუსმინე ბევრ, ბევრ ჩვეულებრივი ქართველს, რომლებიც გარეთ გამოვიდნენ და ისურვეს, რომ საქართველომ გამოიყენოს მომენტი და მიიღოს შესაძლებლობები, რომლებიც მას ახლა მიეცა ევროკავშირის მხრიდან და წინ გადადგას სწორი ნაბიჯები იმისათვის, რომ დე-ფაქტოდ და რეალურად წინ წაწიოს საქართველოს ევროპული გეგმა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხზე ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეაფასა. მისი თქმით, ამ სამ ქვეყანას პირველად გაეხსნათ „ევროპული პერსპექტივა“.

„ეს, არ უნდა შეგვეშალოს, არის ძალიან მკაფიო „დიახ“ ევროკომისიის მხრიდან, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ევროკავშირის მომავალი წევრი. გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ პრეზიდენტ მიშელს, რომელსაც ამ ქვეყანაში კარგად იცნობენ, ის ასევე ხაზს უსვამდა, რომ სწორედ ახლაა დრო იმის აღსანიშნავად, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს ძლიერი გზავნილებია.

ამავე დროს, როგორც ვიცით, მოსაზრება საქართველოსთან დაკავშირებით ნაკლებად კეთილგანწყობილი იყო, ვიდრე მოსაზრებები უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით. ეს ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ ახლა უნდა გადაიდგას მტკიცე ნაბიჯები წინ, ამ მისწრაფებების საჩვენებლად. ამისთვის ჩვენ გვაქვს გასაკეთებლი საქმეების ჩამონათვალი, ევროკომისიისგან, სადაც ნათქვამია, თუ რა მოთხოვნები არსებობს საქართველოს მიმართ წინ წასაწევად. იმედი მაქვს რამდენიმე დღეში ვნახავთ, მივლენ თუ არა წევრი სახელმწიფოები ევროპის საბჭოში იმავე დასკვნამდე, როგორც ევროკომისია.

ამის შემდეგ გზავნილი ძალიან მკაფიო იქნება - საქართველოს ევროპული ბედი საქართველოს ხელშია. დროა გულმოდგინე შრომისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგამად, გეგმის წინ წასაწევად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გაუწია და მხოლოდ „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების რეკომენდაციით შემოიფარგლა. კომისიის მოსაზრებით, საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება. 23-24 ივნისის სამიტზე ევროსაბჭო დიდი ალბათობით გაიზიარებს ევროკომისიის მოსაზრებას და საქართველოს „ევროპულ პერსპექტივას“ მიანიჭებს, რის შემდეგაც, ხელისუფლებას ექვსი თვე ექნება პირობების შესასრულებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]