„არასამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია, გამოხატოს საკუთარი პოზიცია. შინაარსიც არ ვიცი, აქედან გამომდინარე, კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ყველას შეუძლია, პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მმართველი პარტიის წევრმა და სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ აქციის „შინ ევროპისკენ“ დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში საჯარო პოსტი გამოაქვეყნა და აქციაზე მისულ ხალხს ქვეყნის მტრები უწოდა. ამ დროისთვის მის გვერდზე პოსტი აღარ ჩანს.
„დღეს იქ ვინც მივიდა, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, – დაწერა Facebook-ში სამგორის გამგებელმა.
კახა სამხარაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან განმარტა, რომ სიტყვა „სირი“ სულხან-საბას ლექსიკონში „ჩიტს“ ნიშნავს.
„ჩვენ, მეგობრები ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს“, – აღნიშნა სამხარაძემ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე კახა სამხარაძე კერძო სექტორში მუშაობდა. 2014 წლიდან ის საჯარო სამსახურში დასაქმდა. ჯერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ რეგიონალური კურატორი შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთი. 2017-2018 წლებში კახა სამხარაძე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო, 2018 წელს კი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად დაინიშნა. იმავე წლის ბოლოს ის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. 2019 წლის სექტემბრიდან სამგორის რაიონის გამგებელია.