weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

30 წელია EU-სკენ მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი მდებარეობა, საერთოდ საოცრებაა – კალაძე

11:58 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ განცხადებებს, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო არ არის საინტერესო ადგილზე. ამასთან დაკავშირებით პირდაპირ განცხადება იყო გაკეთებული. 30 წელია ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს საერთოდ საოცრებაა და არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო“, – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კახა კალაძის განცხადებით, ელოდა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას საქართველოც მიიღებდა. მისი თქმით, ქვეყნის დასჯაა, რომ ეს ასე არ მოხდა.

„თუმცა, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ამას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ახსნა და საზოგადოებას ყვლაფერი უნდა ვუთხრათ, არაფერი დასამალი არ არის, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული მაშინ, როდესაც საუბარი იყო სამ ევყანაზე - საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - და სამივე ქვეყანას, ფაქტობრივად, ერთნაირი დათქმები აქვთ, რაც უნდა გამოასწორონ, რაზეც უნდა იმუშაონ, ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო დატოვეს სტატუსის გარეშე.

ეს ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხაროა. ვიცით, ეს ყველაფერი რატომ მოხდა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ რაც არის წინასწარი დათქმები, ყველაფერი უნდა იქნეს შესრულებული.

რა თქმა უნდა, ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მივიღებთ სტატუსს.

არავითარ შემთხვევაში, ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ქვეყანა იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევოკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ და დაამატა, რომ „ბნელი, დესტრუქციული ძალების მიერ დასახული გეგმის“ რეალიზებას არ დაუშვებენ და არავის მისცემენ საშუალებას, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გამო ქვეყანა დააზიანონ.

16 ივნისს, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადებზე ევროკომისიის დასკვნის/მოსაზრების გამოქვეყნების წინ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოლდოვას ეწვია, სადაც განაცხადა, რომ მოლდოვა და უკრაინა არ უნდა იყოს განცალკევებული, ხოლო საქართველო არ არის იმავე გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ სიტუაციაში.

17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოს (უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით) არ მისცა რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება.

ასოცირებული ტრიოს წევრებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 23-24 ივნისს მიიღებს. საბჭო დიდი ალბათობით გაითვალისწინებს ევროკომისიის მოსაზრებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]