weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრემიერი: სამხედროებმა თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას, მაშინ გეოგრაფია არავის გახსენებია

15:56 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ომი გახდა „გადამწვეტი მოტივატორი“ იმისა, რომ ევროკავშირი უკრაინას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს აძლევს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ როგორც უკრაინა, ისე მოლდოვა, საქართველოს „ბევრი მიღწევის და პარამეტრის მიხედვით“ ჩამორჩებიან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ თუ ასოცირებული ტრიოდან ვინმე იმსახურებდა, არა ემოციების, აღქმების დონეზე, არამედ გაკეთებული საქმის მიხედვით...

და მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რომ მათი მთავრი მოტივაცია იქნებოდა merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რაც, სამწუხაროდ, ვერ ვიხილეთ.

ეს ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის და საქართვლოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასევე მოვისმინეთ შეფასებები, რომ თურმე, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაციაა. ასევე მოვისმინეთ განცხადება, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, იმიტომ, რომ უკრაინა ომშია.

მოლდოვაც, რომ იტყვიან, ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაშია აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა, ბევრად უფრო რთული გამოწვევები აქვთ მათ - როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით - და მოლდოვასაც, სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მიენიჭა სტატუსი.

ოღონდ, მინდა ხაზგასმით განვუმარტო მოსახლეობას, რომ სამივე სახელმწიფოს ჩაუწერეს დათქმები, პირობები, რომლებიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ. ერთი განსხვავებაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ჯერ აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარი წამახალისებელი და მოტივატორი, ბონუსად აძლევენ ამ სტატუსს იმ დათქმით, რომ ეს ყველაფერი უნდა შეასრულონ. ჩვენს შემთხვევაში არის პირიქით. ეს გულდასაწყვეტია.

მინდა ქედი მოვიხადო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ როგორც ჩანს, არავის გახსენებია არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია.

ჩვენ რეკორდული რაოდენობა ჯარისკაცების გავგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში. ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოდგენილი. 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, NATO-ში ინტეგრაციის იდეას, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას. 500-მდე სამხედრო არის უმძიმესად დაჭრილი და ჩვენ დღეს რაზე ვსაუბრობთ?

ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ თურმე ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს? პირდაპირ, საჯაროდ თქვეს, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა ომშია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, არ გაუწია რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაც. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 23-24 ივნისს მიიღებს. საბჭო დიდი ალბათობით გაითვალისწინებს ევროკომისიის მოსაზრებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]